გივი მიქანაძე - მეორე მოსმენისას ტერმინების შეცვლა შეიძლება, მნიშვნელოვანია კანონპროექტების პრინციპების დონეზე მიღება, ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ კი ამ საკითხსაც დავუბრუნდებით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა პირველი მოსმენით მიღების შემდეგ შეჩერდება და კანონპროექტებზე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.
მისივე თქმით, დღესაც დადასტურდა, რომ არანაირ რუსულ კანონზე საუბარი არ არის.
„საქართველოს საზოგადოება იმსახურებს, ჰქონდეს ინფორმაცია, რომელი ორგანიზაცია, რა წყაროთი ფინანსდება, რა სახის დაფინანსებაა და რაში იხარჯება. ნაწილი ორგანიზაციებისა ამბობს, რომ ისინი ამას ისედაც აკეთებენ. თუ ისედაც აკეთებენ, ისმის ლოგიკური კითხვა, მაშინ რატომ არის ასეთი წინააღმდეგობა, რატომ არის ატეხილი აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ისტერია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით? ჩვენ დავსვით არაერთი შეკითხვა, კონკრეტულად რომელი ნორმა ეწინააღმდეგება, სად არის ის ნორმები, რომლებიც რაღაც პრინციპებთან არის წინააღმდეგობაში. რადგანაც ასე დაისვა საკითხი, სწორედაც ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ შეჩერდეს მისი განხილვა, კანონპროექტები გადაიგზავნოს ვენეციის კომისიაში, რომლის ექსპერტული დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. არაერთ საკანონმდებლო საკითხთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ვენეციის კომისიასთან ძალიან წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკა და დაველოდოთ დასკვნას. მანამდე ეს პროცესი გაჩერებული იქნება და ვნახოთ, რა დასკვნას წარმოადგენს ვენეციის კომისია. რადიკალების მხრიდან მთელი პროცესი დეზინფორმაციაზეა აგებული. ისინი ასაღებენ, თითქოს კანონი უკვე მიღებულია და იმისთვის, რომ საზოგადოებაში დანერგონ არასწორი ინფორმაცია, ამბობენ, რომ არის რუსული კანონი. დღესაც დადასტურდა, რომ არანაირ რუსულ კანონზე საუბარი არ არის. იურიდიული კომიტეტი ამ დრომდე იხილავს, ოპოზიცია და რიგი პირები ცდილობენ, გაწელონ ეს პროცესი და შემდგომში „ნაცმოძრაობა“ამას ასაღებს ჩაშლილ პროცესებად ბიუროსთან, სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
შეერთებული შტატები ამბობს, რომ ამერიკული კანონპროექტი არ არის და თავის კანონზე იძახის, რუსული კანონპროექტიაო? არასწორია, ეს არის დეზინფორმაცია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩაიხედეთ შინაარსში, ნახეთ, შეადარეთ ის ტექსტი, რაც არის წარმოდგენილი. იცით, რომ პირველადი ვერსია აბსოლუტურად ქართულია. პირველი კანონპროექტი არანაირ შეზღუდვებს არ აწესებს, განსხვავებით ამერიკულისგან, ეხება მხოლოდ იურიდიულ პირებს, განსხვავებით ამერიკულისგან, რომელიც ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, იყო ამ ყველაფრის სუფთა ქართული ვერსია. როდესაც დაიწყო აბსოლუტურად უსაფუძვლო კამპანია იმის შესახებ, თითქოს ეს რუსულის პროტოტიპი იყო, „ხალხის ძალამ“ გადაწყვიტა, წარმოედგინა ერთი ერთში ნათარგმნი ის კანონპროექტი, რომელზეც დღეს ექსპერტებმა, რომლებიც ესწრებოდნენ, თქვეს, რომ, კი ბატონო, ეს არის ამერიკული კანონპროექტი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ამასთან, გივი მიქანაძის განმარტებით, ოპონენტების მხრიდან დღეს ჩაბღაუჭება ხდება აგენტის დეფინიციაზე, რადგან კონტექსტუალურად, შინაარსობრივად ვერ წარმოადგინეს კანონპროექტის საწინააღმდეგო ვერცერთი არგუმენტი.
„ამ საკითხზე ჯერ კიდევ წინა კომიტეტზეც გვქონდა საუბარი და მე თვითონვე ვთხოვე, შეეტანათ ეს საკითხი კომიტეტის დასკვნით ოქმში, რომ შემდგომ განხილვას ექვემდებარება. პირველი მოსმენა პრინციპების დონეზეა და 2 მარტს არასწორად იქნა დასმული საკითხი, რომ დღეს თუ მიიღეთ ამ დეფინიციით, მეორე მოსმენის დროს ამის შეცვლა შეუძლებელი იქნებაო. ამას იტყვის მხოლოდ რეგლამენტში ჩაუხედავი ადამიანი. რეგლამენტში პირდაპირ წერია, რომ მსგავსი ტერმინების შეცვლა მეორე მოსმენის დროს გამარტივებული წესით შეიძლება. ამიტომ, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტები პრინციპების დონეზე იქნას მიღებული. ამიტომ გვაქვს მზაობა, ამას მხარი დავუჭიროთ, თუმცა შემდგომში დაველოდებით, პირველ რიგში, ვენეციის კომისიის დასკვნას და გვექნება დეტალური განხილვა უკვე მეორე მოსმენის დროს, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ამ საკითხსაც დავუბრუნდებით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.