გივი მიქანაძე - მელიას გადასაწყვეტია, რა ფორმით დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას, მაგრამ ფაქტია, ამნისტიის შესახებ კანონი მხოლოდ მას არ შეეხება
„ქართული ოცნების“ დეპუტატის გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ დაინიცირებული ორი კანონპროექტიდან „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი იმ სულისკვეთების მატარებელია, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია მოცემული.
„რა თქმა უნდა, შარლ მიშელის დოკუმენტი არ ირღვევა. ყველა ადამიანს შეუძლია, ორი დოკუმენტი ერთმანეთს შეადაროს და კონტექსტიდან გამომდინარე ნახავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი იმ სულისკვეთების მატარებელია, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტშია მოცემული. ჩვენს დოკუმენტში საუბარია, ხომ არ შეიძლება, ვინმემ უარი თქვას და კონკრეტული ამნისტიის კანონი მასზე არ გავრცელდეს, რისი მიზანიც სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობაა. ადამიანს შეიძლება, სურდეს, რომ თავისი სიმართლე ბოლომდე დაამტკიცოს და არ უნდოდეს, მას როგორც ბრალდებულს, გამოძიების პროცესში შეეხოს ეს კანონი. კანონპროექტში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, არის იმისი შესაძლებლობაც, რომ კანონის გავრცელება მოგვიანებით პერიოდზეც მოხდეს. მაგალითად, შესაძლოა, ადამიანი გამტყუნდეს კონკრეტული სასამართლო განხილვის შემდეგ, მაგრამ ამნისტიის შესახებ მიღებული კანონი მასზეც გავრცელდება და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. ყველას უნდა შეეხოს ეს პოლიტიკური აქტი. სწორედ ამ პრინციპის გათვალისწინებით ჩვენი გუნდის მიერ შემუშავებული და წარდგენილი კანონპროექტი არის ერთი ერთში იმ პოზიციების გათვალისწინება, რასაც შარლ მიშელის დოკუმენტი ასახავს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ასევე, მიქანაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას გადასაწყვეტია, გირაოთი ისარგებლებს თუ ამნისტიით.
„ნიკა მელიას გადასაწყვეტია, რა ფორმით დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. ფაქტია, რომ ამნისტიის შესახებ კანონი როდესაც მიღებული იქნება, შეეხება არა მარტო ნიკა მელიას, არამედ ყველა იმ ადამიანს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს ან სამომავლოდ, თუკი გამოვლინდება გარკვეული გარემოებები, შესაძლოა, საფუძველი გახდეს ახალი სისხლის სამართლებრივი დევნის. გამომდინარე იქიდან, რომ ნიკა მელიას სურს, ადრე დატოვოს ციხე, ამ შემთხვევაში, გირაოთი შეუძლია, დაწესებულება უახლოეს დღეებში დატოვოს. თუ მას სურს ეს პროცესი გირაოთი არ განხორციელდეს, მაშინ უნდა დაელოდოს ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას, მის მიღებას და ამის შემდეგ მის მიმართ შეწყდება საქმე, თუკი უარს არ განაცხადებს, რომ მასზე არ გავრცელდეს მიღებული ამნისტიის კანონი. ეს მისი გადასაწყვეტია და მელია არჩევანს გააკეთებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ ორი კანონპროექტი დაინიცირდა. ერთი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ეკუთვნით, მეორე კი – მმართველ პარტიას.