გივი მიქანაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
მისი თქმით, დელეგაციას ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა უხელმძღვანელებს.
„მეათე მოწვევის პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას. დელეგაციას უხელმძღვანელებს კახა კუჭავა, დელეგაციის შემადგენლობაში არიან მარიამ ქვრივიშვილი, თამარ ტალიაშვილი და პირველად ამ ვიზიტში მონაწილეობას მიიღებს ოპოზიციიდან ლევან იოსელიანი, პარტია „მოქალაქეები“. მოგეხსენებათ, ეს საპარლამენტო ასამბლეა წელიწადში ოთხჯერ ტარდება, მეათე მოწვევის პარლამენტს პირველი ასეთი ჩართულობა საპარლამენტო ასამბლეაში ჰქონდა მიმდინარე წლის იანვარში, სადაც ძალიან დიდი აქტივობით გამოირჩეოდა ჩვენი დელეგაცია, მათ შორის იმ ანგარიშებთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა ძალიან პოზიტიურად და მაღალ დონეზე შეფასდა, ჩატარდა ორმხრივი შეხვედრები.
ამ კუთხით საქმიანობა ამ დელეგაციის მიერ უკვე საგაზაფხულო სესიის ფორმატში გაგრძელდება. ამ საგაზაფხულო სესიაზე განხილული იქნება სხვადასხვა საკითხი, რომელიც დაკავშირებული იქნება ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობასთან ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში. ასევე, განხილული იქნება ისეთ საკითხები, რაც დაკავშირებულია კოვიდინფიცირებასთან და ამ კუთხით გადადგმულ პრევენციულ თუ და სხვა ნაბიჯებთან, იქნება რიგი ქვეყნების მოსამართლები არჩეული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, წარდგენილ იქნება სხვადასხვა რეზოლუცია კონკრეტულ პირებთან თუ ქვეყნებთან მიმართებაში.
მნიშვნელოვანია, რომ ამ საგაზაფხულო სესიას სიტყვით მიმართავს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავით სასოლი, მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტი, ასევე იქნება დებატები, იქნება სიტყვით გამოსვლები როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ასევე ადამიანის უფლებათა კომისრის, სადაც ჩვენ ვაპირებთ, რომ ყურადღება გავამახვილოთ მის ვიზიტზე წლის განმავლობაში საქართველოში და განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მხრივ“, – განაცხადა მიქანაძემ.