გივი მიქანაძე - მაქსიმალურად ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, მით უმეტეს, როდესაც ეს ჟურნალისტებთან არის დაკავშირებული
მთელი გუნდის სახელით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი ჟურნალისტებთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
„ჟურნალისტები არიან ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებამდე ინფორმაცია მიაქვთ, მოვლენებს აშუქებენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ძალიან რთულ პირობებში არიან. მათი უფლებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს შრომას, რომელსაც ეს ადამიანები ეწევიან. სამწუხაროდ, დღეს მოხდა მათზე ძალადობის არაერთი ფაქტი, რაც მიუღებელია, ვგმობთ და რა თქმა უნდა, ვემიჯნებით. თითოეულმა ადამიანი, ვინც ამ ძალადობაში მონაწილეობდა, კანონის წინაშე უნდა წარდგეს და პასუხი უნდა აგოს“, – განაცხადა მიქანაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი იმ ძალადობრივ მოვლენებზე, რომლებიც დედაქალაქის ცენტრში განვითარდა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ ამას ძალოვანი სტრუქტურები შეისწავლიან.
„ჩვენ ვნახეთ, სულ რაღაც ერთი საათის წინ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია, რომლითაც დადგენილია, რომ რვა პირი უკვე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შსს მაქსიმალურადაა მობილიზებული, რათა ყველა საქმე დეტალურად, ძალიან მოკლე ვადებში იქნას გამოძიებული“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, პარლამენტი, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, აკვირდება, რომ თითოეული მოვლენა უმოკლეს ვადებში იქნას გამოძიებული, კონკრეტული პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ და პასუხი აგონ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, გახდა თუ არა პროცესების მაპროვოცირებელი პრემიერ-მინისტრის მიერ დილით გაკეთებული განცხადება, სადაც მან თქვა, რომ მარშის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიაჩნდა და ორგანიზატორებს, მარშის ჩასატარებლად, ალტერნატიული ადგილის მოძებნისკენ მოუწოდა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ პრემიერმა, ისევე, როგორც მმართველი გუნდის სხვა ლიდერებმა, გააკეთეს განცხადებები, რათა შექმნილი ვითარების მაქსიმალური დეესკალაცია მომხდარიყო და ამას მაპროვოცირებელი ხასიათი არ ჰქონოდა.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, მიმდინარე პროცესების ერთ-ერთი მთავარი მმართველი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული რადიკალური ოპოზიციური პარტიები.
„რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგია, რამე ფორმით დაიბრუნოს ხელისუფლება. მათ მრავალი მიმართულება სცადეს და ყველა წარუმატებელი იყო, რადგან საზოგადოება ჯანსაღად აანალიზებს იმ მოვლენებს, რომლებიც ქვეყანაში ხდება. როდესაც ნახეს, რომ იმ პირობებზე მოუწიათ დათანხმება, რომლითაც პარლამენტში შემოვიდნენ და ფაქტიურად, საკუთარი მარცხი აღიარეს, ახლა ახალი პროვოკაციების ინსცენირება და დაგეგმვა მოიფიქრეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.