გივი მიქანაძე - მაიკ პომპეოს ვიზიტი არის ცალსახა გზავნილი დემოკრატიული რეფორმებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტი დემოკრატიული რეფორმებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით ცალსახა გზავნილია.
მისივე თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა წლიდან წლამდე ღრმავდება.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ვიზიტი არის ცალსახა გზავნილი იმ დემოკრატიული რეფორმებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ამერიკას უკვე წლების განმავლობაში აქვს. სტრატეგიული პარტნიორობა წლიდან წლამდე უფრო ღრმავდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მიქანაძის განმარტებით, ამ ეტაპზე აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, რაც სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაში გამოიხატება.
„აგრეთვე, ამერიკა არის ჩვენი უმთავრესი მხარდამჭერი ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანების თვალსაზრისით და ამ მხრივ უსაფრთხოების თემების განხილვა ვიზიტის ფარგლებში საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან და ამერიკა-საქართველოს პარტნიორობიდან გამომდინარე ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს.
ეს ვიზიტი ემსახურება იმ რეფორმების აღიარებას და იმ გზავნილებს, რომლებიც ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორიდან მომდინარეობს, რაც უზრუნველყოფს იმ მხარდაჭერის გაგრძელებას და კიდევ უფრო გაღრმავებას, რომელიც საქართველოს ინტერესებშია და ორი ქვეყნის ურთიერთობებს კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ამასთან, მიქანაძის თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი გარკვეული პერიოდის წინ დაიგეგმა.
„კონკრტული დღის წესეიგი არ მაქვს. ვიცი, რომ შეხვედრები არის საკმაოდ ოფიციალური ხასიათის. ეს ვიზიტი დაგეგმილი იყო გარკვეული პერიოდის უკან, მსგავსი ოფიციალური ვიზიტები ერთ და ორ დღეში მოგეხსენებათ, არ იგეგმება. შეხვედრები არის უმაღლეს დონეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, კათოლიკოს პატრიაქთან. სხვადასხვა საკითხი იქნება მიმოხილული, თუმცა უმთავრესი მომენტი არის ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სახელმწიფო მინისტრის ვიზიტით კიდევ ერთხელ დააფიქსირა ის განსაკუთრებული მხარდაჭერა და ურთიერთობა, რომელიც საქართველოს აქვს.
თქვენთვის ცნობილი არის ის გარემოებები, რომ მრავალმხრივი მიმართულებით მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, მათ შორის მაგალითად, ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი არის უსაფრთხოების საკითხები.
მოგეხსენებათ, რომ რეგიონში დღეს არსებული ვითარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას სწორედ ამ მიმართულებით. ამიტომ ამ კუთხით მრავალი საკითხის განხილვა მოხდება და დარწმუნებული ვართ, ამ ვიზიტის შედეგად საქართველო-ამერიკას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადაინაცვლებს და მეტი სარგებლის მომტანი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და სხვა მიმართულებების თვალსაზრისით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვია. მაიკ პომპეოს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ხვალ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო ვიზიტის ფარგლებში შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. ასევე, პომპეო შეხვედრას გამართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.