გივი მიქანაძე - კეზერაშვილის კრიმინალური საქმიანობა გრძელდება, რომელიც დაიწყო ქართული ჯარის გაძარცვის პერიოდიდან, ახლა ვხედავთ, რომ კრიმინალური საქმიანობა გასცდა ერთი ქვეყნის მასშტაბებს
გივი მიქანაძე - კეზერაშვილის კრიმინალური საქმიანობა გრძელდება, რომელიც დაიწყო ქართული ჯარის გაძარცვის პერიოდიდან, ახლა ვხედავთ, რომ კრიმინალური საქმიანობა გასცდა ერთი ქვეყნის მასშტაბებს

დარწმუნებული ვარ, ქოლცენტერების საქმეზე ევროპელი სამართალდამცავები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ იმ მტკიცებულებების და ფაქტების საფუძველზე, რომლებიც მათ ხელთ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის განცხადებით, „დავით კეზერაშვილის კრიმინალური საქმიანობა გრძელდება, რომელიც დაიწყო მის მიერ ქართული ჯარის გაძარცვის პერიოდიდან“.

„მტკიცებულებები არსებობს და ჯერ კიდევ ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა გასული წლის განმავლობაში. იყო სპეციალური ვიზიტიც გერმანელი სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების, რომლებსაც საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ჰქონდათ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. კონკრეტული ფაქტებია მოპოვებული. პირველ ეტაპზე თითქოს და კეზერაშვილის ფიგურა არ ჩანდა ამ სქემაში, მაგრამ შემდეგ, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების საფუძველზე გაცხადდა, რომ კეზერაშვილი დგას იმ სქემის სათავეში, რომელიც ამ თაღლითური გზით ახდენს უკანონოდ თანხების მოპოვებას. აქ საუბარია ევროკავშირის მოქალაქეებისგან თაღლითური გზით უკანონოდ თანხების მოპოვებაზე. ეს საქართველოს გენერალური პროკურატურის კომპეტენციის მიღმა საკითხია და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელი სამართალდამცავები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ იმ მტკიცებულებების და ფაქტების საფუძველზე, რომლებიც მათ ხელთ არსებობს. სწორედ ამ ფულით ხდება იმ რადიკალური დაჯგუფებების დაფინანსება, რომელთა მცდელობაა საქართველოში რევოლუცია, მათ შორის სისხლიანი რევოლუცია და გადატრიალება მოხდეს, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია და ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. კეზერაშვილის კრიმინალური საქმიანობა გრძელდება, რომელიც დაიწყო მის მიერ ქართული ჯარის გაძარცვის პერიოდიდან და ახლა ვხედავთ, რომ კრიმინალური საქმიანობა გასცდა ერთი ქვეყნის მასშტაბებს და უკვე საერთაშორისო ხასიათი შეიძინა“, – განაცხადა მიქანაძემ.

გივი მიქანაძის თქმით, „ქართული რადიკალური ოპოზიცია სერიოზულ ზიანს იღებს კეზერაშვილის დაფინანსებისგან, თუმცა უარს არ ამბობს ამ დაფინანსებაზე და მზად არის, მიიღოს“.

„მნიშვნელოვანი ფაქტორია, კეზერაშვილმა თვითონვე განაცხადა, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს აფინანსებს, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც საჯაროა, არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ უფიქსირდება ოფიციალურად კეზერაშვილის მხრიდან რაიმე დაფინანსების მიიღება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ადგილი აქვს ე.წ შავი სალაროს ფულით რადიკალური პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსებას და, შესაბამისად, ეს საკითხი სიღრმისეული შესწავლის და გამოძიების საგანი უნდა გახდეს, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს კონკრეტული განცხადება იმის შესახებ, რომ კრიმინალი კეზერაშვილის მხრიდან ხორციელდება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის დაფინანსება. ეს მიუღებელია, თუმცა რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ ეს მისაღებია, არ მიკვირს. ისინი არიან სრულ დესტრუქციაზე ორიენტირებული და მათი მხრიდან ასეთი დაფინანსების მიღება მათთვის ჩვეული პრაქტიკაა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.