გივი მიქანაძე - რაც საოლქო კომისიებთან ხდება, არის წინასწარ დადგმული სცენარი, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რადიკალური ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს
გივი მიქანაძე - რაც საოლქო კომისიებთან ხდება, არის წინასწარ დადგმული სცენარი, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რადიკალური ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს

ის, რაც ახლა საოლქო კომისიებთან ხდება, არის წინასწარ დადგმული სცენარი, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რადიკალური ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან მიმდინარე მოვლენებს.

გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს ისე წარმოაჩინოს მოვლენები, თითქოს სამართალდამცველები ოპოზიციის წარმომადგენლებს კომისიის სხდომებზე დასწრების უფლებას უკანონოდ არ აძლევენ.

„ის, რაც ახლა საოლქო კომისიებთან ხდება, არის წინასწარ დადგმული სცენარი, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და დაანახოს, ვითომდა კანონმდებლობით მათ აქვთ უფლება, შევიდნენ და დაესწრონ საოლქო კომისიების სხდომებს. რეალურად მოვისმინეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ოფიციალური განმარტება, სადაც ჩამოთვლილი იყო თითოეული უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ამ პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა.  ამიტომ მათი მოთხოვნები აბსოლუტურად არალეგიტიმურია.

საზოგადოების თვალში ამ სცენარს წარმოადგენენ ისე, თითქოს ხელისუფლების ორგანოები უკანონოდ არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ შევიდნენ და დაესწრონ პროცესებს. ამასთან, მინდა, განსაკუთრებით მოუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართული არიან სადამკვირვებლო პროცესში, რომ დააკვირდნენ ამ პროცესებს და მისცენ თავისი შეფასება ამ მოვლენებს. ისინი ერკვევიან კანონმდებლობაში და მათთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ საოლქო კომისიებში ამჟამად ოპოზიციას ჰყავს თავისი წარმომადგენლები. მათ აქვთ უფლება ესწრებოდნენ საოლქო კომისიების სხდომებს. ასევე, სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ამიტომ ეს პროცესი მართლაც გამჭვირვალეა.

აქ არანაირი საფუძველი არ არის, რომ რაღაცა ხელის შეშლა იყოს და ამ ყველაფრის ინსცენირება არის წმინდა წყლის პროვოკაცია. ჩვენ დავიცავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ხმას და არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ნებისმიერმა ძალამ, ვინც არ უნდა იყოს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინოს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, თბილისსა და რამდენიმე რეგიონში საოლქო საარჩევნო კომისიებთან ხმაური და დაპირისპირებაა. ოპოზიციის წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.