გივი მიქანაძე - ირმა ინაშვილის განცხადებები ღიმილისმომგვრელია, მას კონკრეტული მტკიცებულებები თუ აქვს, შეუძლია, საზოგადოებას გააცნოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გივი მიქანაძის შეფასებით, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილის განცხადებები ღიმილისმომგვრელი და უსაფუძვლოა.
„ირმა ინაშვილის ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია, მათ შორის „ევროპელი სოციალისტები“ ძალიან აქტიურად არიან ჩართული საპარლამენტო ცხოვრებაში. ისინი ჩართული არიან არა მხოლოდ მიმდინარე კანონშემოქმედებით და საპარლამენტო კონტროლის ფუნქციებში, არამედ „ევროპელი სოციალისტები“ შემოვიდნენ საგამოძიებო კომისიაში, რომელმაც უნდა შეისწავლოს 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროცესებისთვის, რომელიც საბოლოო ჯამში, საშუალებას მოგვცემს, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები მივიღოთ. ფაქტი ერთია, რომ მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ და მათ შორის პარლამენტში შემოსულმა ოპოზიციამაც აღიარა ამ არჩევნების ლეგიტიმურობა. ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია, გარდა რადიკალური ოპოზიციისა. პარლამენტი სრულფასოვნად ფუნქციონირებს და ძალიან ადეკვატურადაა ასახული ქართველი ამომრჩევლის მიერ გაკეთებული თავისუფალი ნება საქართველოს პარლამენტში. თუმცა ზოგიერთი რადიკალური და დესტრუქციული ძალა ამას დღემდე არ ეგუება, იმიტომ, რომ მათ სხვა მიზანი და ვიწროპარტიული ინტერესები ამოძრავებთ. ქალბატონ ირმას კონკრეტული მტკიცებულებები თუ აქვს ამასთან დაკავშირებით, შეუძლია, საზოგადოებას გააცნოს“, – განაცხადა მიქანაძემ.
ირმა ინაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო კომისიებში წევრი ეკუთვნის, ირაკლი კობახიძე კი მის წართმევას ფრიდონ ინჯიას გამოყენებით ცდილობს.