გივი მიქანაძე - ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ოპოზიცია სპეკულირებს, რათა რაღაც თემა ხელოვნურად შექმნას, მათი ხედვა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესების დაზიანებისკენაა მიმართული
ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი დარწმუნებულია იმაში, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თითოეული ტენდერი და ნაბიჯი პირდაპირ დაკავშირებულია უსაფრთხოების სისტემის გაანალიზებასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, რიკოთთან დაკავშირებით წინასწარ შეფასებითი სამუშაოები ტარდება და გადაწყვეტილებების მიღება ანალიზის საფუძველზე ხდება.
„რა თქმა უნდა, კონსტრუქცია აგების შემდეგ საექსპერტო შემოწმებას გადის და დასკვნები იდება. ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით „ლელო“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები სპეკულირებენ, რათა რაღაც თემა შექმნან და ხელოვნურად აწიონ. მათი ხედვები პირდაპირ მიზანმიმართულია იმისკენ, რომ ის პროცესები დააზიანოს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ პროექტების მიმართ დიდი მხარდაჭერა აქვთ მსოფლიო ბანკს, იბიარდს და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს. არცერთი მათგანი ინვესტირებას ისეთ პროექტებში არ განახორციელებს, რომელზეც უსაფრთხოების საკითხებზე კითხვები არსებობს. საქართველოს რეალობაში დაცულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი, მათ შორის უზრუნველყოფილია ექსპერტული დასკვნები. ამ ხელისუფლების პირობებში ასე იყო და ასე იქნება. გარწმუნებთ, თუ მინისტრის დაბარების თაობაზე რეგლამენტი იქნება დაცული, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან არანაირი პრობლემა არ იქნება, რაღაც განხილვა მოხდეს. ამ მოწვევის პარლამენტში მინისტრების მოსმენა რეკორდულია და მთავრობა პარლამენტს არაერთხელ სტუმრობს. პირველი შემთხვევაა, რომ მინისტრი პარლამენტში მოდის? ამ მოწვევის პარლამენტში მინისტრების მოსმენა ჩვეულებრივი მოვლენაა“, – განაცხადა მიქანაძემ.