გივი მიქანაძე - გიორგი გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ მართველი გუნდის ხელმძღვანელობა და უმრავლესობა სხვა პოზიციაზე იდგა
გივი მიქანაძე - გიორგი გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ მართველი გუნდის ხელმძღვანელობა და უმრავლესობა სხვა პოზიციაზე იდგა

გიორგი გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ მართველი გუნდის ხელმძღვანელობა და უმრავლესობა სხვა პოზიციაზე იდგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, უთანხმოება წარმოიშვა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით.

„უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც ყოფილი პრემიერიც ესწრებოდა, განვიხილეთ საკითხი ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა-არმოხსნასთან დაკავშირებით. ყოფილი პრემიერი იყო ერთ-ერთი ის გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც ამბობდა, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა დავუმტკიცოთ, რომ ეს ადამიანის უფლებებისა და კანონის პატივისცემაზე, სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა, ჩვენი ხელისუფლების მართვა სწორედ ამ პრინციპებზეა ორიენტირებული. გუნდში ეს პოზიცია გაზიარებული იყო. ამაში თქვენც დარწმუნდით, როდესაც სხდომას 88 დეპუტატი ესწრებოდა უმრავლესობიდან და მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დავუჭირეთ. ეს გუნდის ერთიანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ. რაც შეეხება უთანხმოებას, ეს უთანხმოება და წყალგამყოფი წარმოიშვა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. როდესაც ყოფილი პრემიერის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ როდესაც ნებაყოფლობითი აღსრულება არ ხდება, ამ შემთხვევაში შესაბამისი, კომპეტენტური ორგანოები ერთვებიან, რომელიც კანონის დაცვით ახორციელებენ იძულებით აღსრულებას. გადადგომის გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერმა მიიღო მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ მართველი გუნდის ხელმძღვანელობა და უმრავლესობა სხვა პოზიციაზე იდგნენ“, – განახცადა მიქანაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს თანამდებობიდან გადადგა.