გივი მიქანაძე - გამჭვირვალეობისა და ანგარიშგების წინააღმდეგ ბუნებაში არცერთი არგუმენტი არ შეიძლება არსებობდეს
გამჭვირვალეობისა და ანგარიშგების წინააღმდეგ ბუნებაში არცერთი არგუმენტი არ შეიძლება არსებობდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციათა 98% გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
„მოლოდინი ცალსახაა, ბუნებაში არცერთი არგუმენტი არ არსებობს, რომელიც გამჭვირვალეობის და ანგარიშგების წინააღმდეგაა. ამ ადამიანებს თუ რაიმე სათქმელი და არგუმენტი ჰქონდათ, ორი თვის განმავლობაში, კანონის განხილვისას საშუალება იყო, რომ ეს არგუმენტები წარედგინათ. დავინახეთ, რომ მათი ქმედებები ემსახურებოდა დროის გაწელვას. მათ რა სიახლე უნდა წარადგინონ? ამ პროცესისგან სამართლიან განხილვას ველოდებით, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ქვეყანას სჭირდება სამართლიანი განხილვა და გამჭვირვალეობა.
ეს სექტორი გამჭვირვალე რომ არ არის, ამის დასტური იყო ის კვლევა, რომელიც გავაკეთეთ და ვნახეთ, რომ თითზე ჩამოსათვლელია ის ორგანიზაციები, რომლებიც მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებენ. ორგანიზაციების 98% მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებდა“, – აღნიშნა მიქანაძემ.