გივი მიქანაძე - „ევროპული საქართველო“ რომ საბოლოოდ ჩამოიშალა, ამას საზოგადოება თვალნათლივ ხედავს, ისინი იყვნენ ერთ-ერთი ინიციატორები, რომ შეთანხმება არ შემდგარიყო
გივი მიქანაძე - „ევროპული საქართველო“ რომ საბოლოოდ ჩამოიშალა, ამას საზოგადოება თვალნათლივ ხედავს, ისინი იყვნენ ერთ-ერთი ინიციატორები, რომ შეთანხმება არ შემდგარიყო

„ევროპული საქართველო“ რომ საბოლოოდ ჩამოიშალა, ამას საზოგადოება თვალნათლივ ხედავს. ამ პარტიის სრული ლუსტრაცია მოხდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ იყო ერთ-ერთი ინიციატორი, რომ შეთანხმება არ შემდგარიყო, რაც თანდათან ნათელი გახდა.

„დავინახეთ, რომ ისინი იყვნენ ერთ-ერთი ინიციატორები, რომ შეთანხმება არ შემდგარიყო. ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის დოკუმენტს მმართველი გუნდის და ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ჯგუფის მიერ ხელი მოეწერა, თუმცა „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს დღემდე არ შეერთებიან. ამას კიდევ ემატება, რომ პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარე და მთავარი იდეოლოგი როგორც ამ პარტიის, ისე ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ არ აპირებენ დოკუმენტს შეუერთდნენ და პარლამენტში შემოვიდნენ. ეს განცხადება ცოტა ირონიულია. მათი კვოტით ხუთი დეპუტატი შემოვიდა პარლამენტში. მათგან ერთმა უარი განაცხადა მანდატზე, პარტიაც კი დატოვა და თავისი მოძრაობა დაარსა. ხოლო დანარჩენი ოთხი გაემიჯნა პარტიას, პარლამენტში შემოვიდნენ და მათმა ნაწილმა „ლელოსთან“ ერთად ფრაქციაც შექმნა. ამიტომ, პარლამენტში რომელ შემოსვლაზეა საუბარი, მათ ამის ლეგიტიმური საფუძველი არ აქვთ. ის ფაქტორი, რომ მიშელის დოკუმენტს დღემდე არ უერთდებიან, ადასტურებს, რომ მთელი 6 თვის განმავლობაში ისინი საზოგადოებას ატყუებდნენ და რეალურ მიზეზს არ ეუბნებოდნენ, რატომ ვერ ხდებოდა შეთანხმება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრის ტარიელ ნაკაიძის პარლამენტში შესვლას, მიქანაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რა იყო გადაწყვეტილების მიღების მოტივი. თუმცა, როგორც გივი მიქანაძე ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური სპექტრი გაიზარდა.

„ტარიელ ნაკაიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში შემოსულიყო. რა იყო მისი გადაწყვეტილების მოტივი, მიზეზი თუ საფუძველი, ჩემთვის უცნობია. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური სპექტრი გაიზარდა. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. მას შეუძლია, შეუერთდეს კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, ასევე დამოუკიდებლად გააგრძელოს მუშაობა პარლამენტში. მისი ჩართულობა იქნება კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ ქართველი ამომრჩევლის გარკვეული ჯგუფი, რომელმაც ის აირჩია, პარლამენტში მეტად იქნება წარმოდგენილი“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.