გივი მიქანაძე - „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება მიკერძოებულია და მიღებულია წევრი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად, რასაც საზოგადოებაშიც ანალოგიური აღქმა ექნება
„ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მიღებული რეზოლუციის პროექტი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული და ალბათ მასში მოყვანილი ტექსტი არავისთვის გაკვირვებას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ დამაზიანებელ პოლიტიკას ეწევა, რითაც რეალურ სახეს ავლენს.
„ქვეყანა როცა ასეთი ისტორიული მომემტის წინაშე დგას, უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ველოდებით მადრიდის ნატო-ს სამიტს, იმის ნაცვლად, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნის სასარგებლოდ და მხარდასაჭერად ერთი ნაბიჯი წინ გადადგას, კვლავ დამაზიანებელ პოლიტიკას ეწევა, რაც კიდევ ერთხელ ავლენს მათ რეალურ სახეს და იმ ვიწროპარტიულ ნარატივს, რომელსაც ვერ ცდებიან. მათ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მსჯავრდებული ბელადების თემა ქვეყნის ინტერესებს ურჩევნიათ მაშინ, როცა ყველამ და მათ შორის „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრებმაც იციან, რომ ეს ორი ადამიანი სწორედ რომ შესაბამისი არგუმენტებისა და ფაქტების საფუძველზე არიან მსჯავრდებულები.
რაც შეეხება „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებას, 2015 წლის მათ განცხადებას გადახედეთ, რომელიც საქართველოსთან მიმართებით გააკეთეს, როცა უკვე ხელმოწერილი იყო ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაციის საკითხები ძალაში იყო შესული და მთელი ევროკავშირი აღიარებდა საქართველოს ლიდერ როლს რეფორმების გატარების თვალსაზრისით, როგორც ახლა, ამას აღიარებს. მაშინ მათი განცხადება ანალოგიური იყო, თითქოს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას აქვს ადგილი. ამიტომ ეს არის მიკერძოებული განცხადება, რომელსაც საზოგადოებაშიც ანალოგიური აღქმა ექნება, რომ ეს არის ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე განცხადება მიღებული წევრი პარტიის მხარდასაჭერად“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, საქართველოს შესახებ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლებში ევროპის სახალხო პარტია დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციას.