გივი მიქანაძე - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში დგას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე ევროკომისიის ახალ სტრატეგიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში დგას.
„მივესალმებით ევროკავშირის მხრიდან მსგავსი მიმართულების გატარებას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი მყარად დგას საქართველოს სუვერენიტეტის გვერდით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ევროკავშირის დღის წესრიგში დგას საქართველოს საკითხი. ევროკავშირი ამაზე ყურადღებას მუდმივად ამახვილებს. ევროკავშირი რუსეთისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი. მისი პოზიცია გასათვალისწინებელიამ ევროკავშირი გამოდის ერთიანი სახელით, ეს ძალიან წონადია. მისი პოზიცია რუსეთის მხრიდან დაიგნორებული ვერ იქნება. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამგვარი პოლიტიკის გატარება მეტად შეუწყობს ხელს დეოკუპაციის პოლიტიკას, საქართველოს გაძლიერებას, მისი უსაფრთხოების კიდევ უფრო ამაღლებას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ევროკომისიამ რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია წარადგინა. სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უფრო სისტემურად უნდა უპასუხოს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს და დაიცვას დემოკრატიული ფასეულობები. ამ კონტექსტში დოკუმენტში ნახსენებია საქართველოც.
დოკუმენტის თანახმად, „ევროკავშირი ასევე აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის მთავრობის მცდელობებისადმი, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მედიატორად და არა მხარედ ტერიტორიულ კონფლიქტებში უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში“.
სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კვლავაც შეეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს და ხმას აიმაღლებს დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად, ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს საუბარს რუსეთის მხრიდან უკრაინასა და საქართველოში საერთაშორისო კანონმდებლობის სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის თანამოაზრე პარტნიორებთან ინიციატივების გზით.