გივი მიქანაძე - დროებითი საგამოძიებო კომისია დღეიდან მნიშვნელოვან პროცესს იწყებს, ჩვენთვის მთავარია, პროცესი აუჩქარებლად და გამჭვირვალედ წარიმართოს
დროებითი საგამოძიებო კომისია დღეიდან იწყებს ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, შემთხვევით შერჩევის პრინციპით 20 უბნის გადათვლას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი ხარისხიანად და აუჩქარებლად წარიმართოს. როგორც მიქანაძემ განაცხადა, 12 პროფესიონალი მთვლელი შეარჩიეს შემთხვევითობის პრინციპით.
„ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენი დღე და რამდენი დრო დასჭირდება პროცესს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პროცესი ხარისხიანად და აუჩქარებლად წარიმართოს, იყოს მაქსიმალური ღიაობა და გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი. შემთხვევითობის პრინციოპით შევარჩიეთ 12 პროფესიონალი მთვლელი, რომლებიც ორ ჯგუფად არიან გაყოფილი. თითო ოთახში ექვსი პროფესიონალი მთვლელი კომისიის ორი წევრის მეთვალყურეობის ქვეშ განახორციელებს გადათვლის პროცესს. კომისიის წევრები საერთოდ არ იქნებიან კონტაქტში იმ ბიულეტენებთან და იმ დახურულ ყუთებთან, რომელიც ცესკო-მ წარმოადგინა გადასათვლელად. მედიას ექნება სრული დაშვება მთელ ამ პროცესზე. ამავდროულად, იქნება მუდმივი სტრიმი. ეს სტრიმი არ გაითიშება მაშინაც კი, როდესაც ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდება 13:00-დან 14:00 საათამდე. ასევე ღამის საათებში. ის უბნები, რომლის გადათვლაც მოხდება, კვლავ დაილუქება ბიულეტენები და დღესვე გავატანთ ამ გადათვლილი უბნის მასალებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მიუხედავად ამისა, ოთახები იქნება მუდმივად დალუქული, სტრიმი არ გაჩერდება ღამის საათებშიც. შუქი იქნება დატოვებული, რათა ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს, თვალყური ადევნოს, რა ხდება ამ ოთახებში ღამის განმავლობაში. თითოეულ ოთახთან იქნება განთავსებული სპეციალური დაცვის სამსახურის პოსტი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ არავინ შევიდეს ამ ოთახებში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.