გივი მიქანაძე - „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ კვლევა არის მორიგი აღიარება და საფუძველი იმისა, რომ მსოფლიო კიდევ უფრო მეტ ნდობას გამოთქვამს საქართველოს და მისი ხელისუფლების მიმართ
„დემოკრატიის მრავალფეროვნების“ კვლევა არის მორიგი აღიარება და საფუძველი იმისა, რომ მსოფლიო კიდევ უფრო მეტ ნდობას გამოთქვამს საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძეს კითხვა დაუსვეს ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შესახებ, რომლის თანახმადაც, მთავრობის მეთაურის ნდობის განზომილების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა და 11-წლიანი პროგრესით საუკეთესო ათეულშია.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, „ვიდემი“ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის კვლევებსაც ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის საფინანსო ორგანიზაცია ანგარიშს უწევს და მის კვლევებს ეყრდნობა.
„ეს არის იმ სწორი, პრაგმატული, საზოგადოებაზე და ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკურ და უსაფრთხოების კუთხით გაძლიერებაზე ორიენტირებული პოლიტიკის ნაწილი და ის პრაგმატული ნაბიჯები, რომლებსაც ქვეყნის მეთაური გუნდთან ერთად დგამს. ეს მორიგი აღიარებაა და იმის საფუძველია, რომ მსოფლიო კიდევ უფრო მეტ ნდობას გამოთქვამს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში ჩვენ დაწინაურებული ვართ და ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოს წარმოვადგენთ. საერთაშორისო რეიტინგების და ბევრი სხვა კომპონენტის მიხედვითაც საქართველო მართლაც მოწინავე ქვეყანაა. ზუსტად ამის დამსახურებაა, რომ გაზრდილია ინვესტორთა ინტერესი საქართველოში ინვესტიციის განხორციელების თვალსაზრისით. ზუსტად ამის შედეგია ის მართლაც გამორჩეული ეკონომიკური წინსვლა. მიმდინარე წლის ხუთ თვეში საერთო ეკონომიკური პროგრესი 9,3%-ია, რაც უპრეცედენტოა არა მარტო რეგიონის და კონტინენტის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ეს პროცესი კიდევ უფრო წინ მიდის. შესაბამისად, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვას, რამდენად სწორ პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა მისი მეთაურის ხელმძღვანელობით და მთლიანად სახელისუფლებო გუნდი.
ეს არის მორიგი აღიარება, რომელიც ძალიან კარგი ნიშანია ბევრი დაინტერესებული ინვესტორისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია და ბიზნესაქტივობა განახორციელოს საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკიურ გაძლიერებას და ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას ემსახურება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.