გივი მიქანაძე - დაველოდებით პროცესების განვითარებას და ვნახავთ, ვინ დგას კანონის უზენაესობის და ვინ სუბიექტურობის მხარეს, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესებს ატარებს
ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობა უჭირავს ადამიანს, ადამიანი, რომელიც წავა კანონმდებლობის წინააღმდეგ, კანონის უზენაესობის წინააღმდეგ, მიუხედავად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა, ყველა შემთხვევაში იქნება შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, სწორედ ამიტომ იყო მიღებული მმართველი გუნდის მიერ მიღებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების გადაწყვეტილება.
„ჩვენ ხვალ გვექნება უმრავლესობის სხდომა, სესიის წინა დღეს ტრადიციულად ვმართავთ უმრავლესობის სხდომას. უმრავლესობის პოზიცია არის ერთიანი და ურყევი, ჩვენ აბსოლუტურად მხარს ვუჭერთ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება პრეზიდენტის წინააღმდეგ. შესაბამისად, დაველოდებით პროცესების განვითარებას. რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ალბათ დაუჭერენ მხარს, ნაწილმა განაცხადა, რომ არ დაუჭერენ, ნაწილის პოზიცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ამიტომ ჩვენ დაველოდებით ამ პროცესების განვითარებას და ვნახავთ საზოგადოებასთან ერთად, ვინ დგას კანონის უზენაესობის მხარეს და ვინ დგას სუბიექტურობის მხარეს, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესებს ატარებს“, – განაცხადა მიქანაძემ.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.