გივი მიქანაძე - დარწმუნებული ვართ, მოლაპარაკებების ეტაპი გაიხსნება და საქართველო იმ პირველ ტალღაში მოჰყვება, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან არის დაკავშირებული
ევროკავშირის ელჩის განცხადება დაფუძნებულია იმ ზოგად განცხადებებზე, რაც საქართველოს მიმართ უსაფუძვლოდ და უსამართლოდ გაკეთდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბევრად უფრო მკაცრ კანონმდებლობას იღებენ საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერების მიზნით, თურმე ამ ფონზე არ შეიძლება, საქართველომ ის კანონი მიიღოს, რაც გამჭვირვალეობას და სამოქალაქო სექტორის ანგარიშვალდებულებას ეხება.
„კარგად გვახსოვს, რომ ჩვენ ორი წლის წინ კანდიდატის სტატუსი სრულიად უსამართლოდ არ მოგვეცა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, საქართველომ გატარებული რეფორმებით და პრინციპულობით სტატუსი ღირსეულად მიიღო. ანალოგიურად, დარწმუნებული ვართ, რომ მოლაპარაკებების ეტაპი გაიხსნება და საქართველო იმ პირველ ტალღაში მოჰყვება, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა მიქანაძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ძალიან გულდასაწყვეტია იმის ნახვა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაჩერებული, გაყინულია და, ამავდროულად, ჩვენ წინ მივიწევთ უკრაინასთან და მოლდოვასთან“.