გივი მიქანაძე - ცესკო-ს თავმჯდომარისგან აბსოლუტურად ამომწურავი, დამაჯერებელი, კონკრეტული არგუმენტებითა და ფაქტებით გამყარებული პასუხები მივიღეთ
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ზეპირი მოსმენები დაასრულა. კომისიის წევრებმა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მოუსმინეს, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალურად ისაუბრა.
შეხვედრაზე განხილული საკითხები საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ შეაჯამა.
„დროებით საგამოძიებო კომისიას არ დაუტოვებია არც ერთი კითხვა, რომელზეც შვიდი თვის განმავლობაში ოპონენტები სხვადასხვა მიმართულებით ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ ვითომდა ეს არჩევნები გაყალბდა და შედეგები რეალობას არ ასახავდა. ჩვენ სამი საათის განმავლობაში უწყვეტი საუბარი გვქონდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და აბსოლუტურად ამომწურავი, დამაჯერებელი და რაც მთავარია კონკრეტული არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებული პასუხები მივიღეთ, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით მაქსიმალური გაკეთდა, რომ 2020 წლის არჩევნები თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებულიყო. სწორედ ასეთი შეფასებები მივიღეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, შეხვედრის ფორმატში მნიშვნელოვანი და ღირებული ინფორმაცია შეგროვდა, რომლებიც პარლამენტის დადგენილების პროექტში აისახება. პარლამენტის დროებითი კომისია კონკრეტული უწყებების მიმართ გარკვეულ რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
„დღევანდელი შეხვედრის საფუძველზე ჩვენ ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ. პირადად მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, დავრწმუნდი, რომ საარჩევნო პროცესები კანონის შესაბამისად აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. თუ კი რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდა და არსებობს დღესაც, ეს მხოლოდ უკავშირდება კონკრეტულ შეცდომებს, კომისიის რიგი წევრების უპასუხისმგებლო და გულგრილ დამოკიდებულებას და რიგ შემთხვევებში კომპეტენციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაზეც კომისიის წევრები და ცესკო-ს თავმჯდომარეც ვფიქრობთ, რომ აუცილებელია გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა ეს ხარვეზები შემდგომი არჩევნებისთვის აღმოიფხვრას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.