გივი მიქანაძე ბრიტანეთის საბჭოს ევროპის რეგიონულ დირექტორს და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ბრიტანეთის საბჭოს ევროპის რეგიონულ დირექტორს, ედრიან ჩედვიკსა და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორს, ზაზა ფურცელაძეს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე გივი მიქანაძემ ბრიტანეთის საბჭოს მიმართ მადლიერება გამოხატა საქართველოში ხანგრძლივი და პროდუქტიული საქმიანობისთვის. კერძოდ, განათლების სფეროში გაწეული დახმარებისთვის.
კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტზე, საქართველო განათლების მიმართულებით რეგიონული ჰაბი გახდეს, რაც ჩვენს ქვეყანაში საზღვარგარეთ მოქმედი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეგიონული ფილიალების გახსნას გულისხმობს.
გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა პირობას ქმნის, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო სასწავლებელი გაიხსნას. მანვე ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის სხვადასხვა ქვეყანასთან დიპლომების აღიარების მიმართულებით.
როგორც ბრიტანეთის საბჭოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ედრიან ჩედვიკმა აღნიშნა, მხარს უჭერენ საქართველოს ინიციატივას, გახდეს განათლების რეგიონული ჰაბი და, თავის მხრივ, ისინი დაიწყებენ კონსულტაციებს და ურთიერთობას დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასწავლებლებთან, რათა მათ საქართველოს პოტენციალი გააცნონ.
შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმ,ა ზაზა ფურცელაძემ აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის საბჭო საქართველოს დაეხმარება, ბრიტანულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს გააცნონ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები და დაინტერესებული პირებისთვის მოაწყონ ონლაინ შეხვედრები და გაცნობითი ვიზიტები.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.