გივი მიქანაძე - არავის არასდროს შეუზღუდავს აქციების გამართვა, თუმცა მეორე მომენტია, რამდენად ჰქონდათ რესურსი ოპონენტებს, დაანონსებული ფართომასშტაბიანი აქციები განეხორციელებინათ
ბოლო ცხრა წლის განმავლობაში აქციების გამართვა, აზრის თავისუფლად გამოხატვა და სხვა უფლებები ფუნდამენტურად დაცულია და ჩვენი ხელისუფლება არის ამის გარანტი, ამიტომ არც არავის არასდროს შეუზღუდავს ამ აქციების განხორციელება და საკუთარი პოზიციების გამოთქმის შესაძლებლობა. მეორე მომენტია, რამდენად აქვთ და ჰქონდათ რესურსი ჩვენს ოპონენტებს იმისა, რომ ეს დაანონსებული ფართომასშტაბიანი აქციები განეხორციელებინათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია, ოპოზიციის განცხადება, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.
„მთავარია, რომ ისინი აცხადებენ, მზად არიან, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. ჩვენი გუნდი მოლაპარაკებების მაგიდიდან არასდროს წასულა, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ამ მოლაპარაკებების ინიციატორი, მომხრე და ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ყველა საკითხი უმჯობესია, მოლაპარაკებების გზით გადაწყდეს. მთავარი არის, რომ ეს იყოს აუცილებლად კონსტრუქციული. 24-საათიან რეჟიმში, ჩვენი მზაობა არის ამ მოლარაკებების გაგრძელების“, – განაცხადა მიქანაძემ.
დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, კვლავ მისცენ ვადა, ხელისუფლებას და გადადონ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია.