გივი მიქანაძე არ აკონკრეტებს, მივა თუ არა ვახტანგ გომელაური პარლამენტში
გივი მიქანაძე არ აკონკრეტებს, მივა თუ არა ვახტანგ გომელაური პარლამენტში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე არ აკონკრეტებს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივა თუ არა.

როგორც ჟურნალისტებს მიქანაძემ განუცხადა, მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის საკითხზე მსჯელობა გაიმართება.

მისი თქმით, ვახტანგ გომელაური პარლამენტში მისული იყო და მას საზოგადოებისთვის კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება სურდა.

„თქვენ ნახეთ, რადიკალურმა ოპოზიციამ როგორი დესტრუქცია მოაწყო. მათი ერთადერთი დღის წესრიგია, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მისცენ შესაძლებლობა, საზოგადოებას მათი ინტერესიდან გამომდინარე გასცენ პასუხი. სწორედ ოპოზიციის დესტრუქციის გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოების მაღალ ინტერესს წარმოადგენდა, მინისტრისგან ინფორმაცია მიეღო, მაგრამ ეს დესტრუქციული ძალების მიზანი არ იყო, რადგან არ უნდათ, საზოგადოებამ კონკრეტულ ფაქტებზე გამყარებული არგუმენტები მოისმინოს“, – განაცხადა მიქანაძემ.

18 ივლის პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა. საკანონმდებლო ორგანოში ვახტანგ გომელაურის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.