გიული ალასანიას მიერ დაქირავებულმა ორგანიზაცია „გლობალ ფოინთ ინთერნეიშენალმა“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პირველი სტატია უკვე გამოაქვეყნა
აშშ-ის და საქართველოს წამყვანი სამედიცინო ექსპერტები ადასტურებენ, რომ პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყოფნის დროს აწამეს და მოწამლეს, – ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაცია „გლობალ ფოინთ ინთერნეიშენალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და იქვე მითითებულია, რომ მასალა გიული ალასანიასთვის მომზადდა.
„მისი მდგომარეობის ფაქტები საგანგაშოა და აშკარაა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს არასათანადოდ მოექცნენ და აწამეს. მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, თუ არ გადაიყვანენ დასავლეთის სამკურნალო დაწესებულებაში სიცოცხლის გადასარჩენი მკურნალობისთვის“, – განაცხადა ექიმმა ჯეიმს კობმა.
ორგანიზაცია „გლობალ ფოინთ ინთერნეიშენალის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს, მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ ის ახლა განიცდის დამაზიანებელ ფსიქოლოგიურ, ნევროლოგიურ, ორთოპედიულ და კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, რომლებიც პირდაპირ გამოწვეულია პატიმრობით.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ, გარდა ამისა, სამედიცინო ჯგუფმა პრეზიდენტ სააკაშვილის სხეულში დარიშხანისა და მძიმე ლითონების, მათ შორის ვერცხლისწყლის შემცველობა აღმოაჩინა, რის გამოც სამედიცინო ექსპერტები დაუყონებლივ რეკომენდაციას უწევენ მის სასწრაფო გადაყვანას მოწინავე სამედიცინო დაწესებულებაში აშშ-ში ან დასავლეთ ევროპაში.
„პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცა სულ მცირე 14 სხვადასხვა პრეპარატი, მათ შორის რამდენიმე არ არის დამტკიცებული აშშ-ის „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის“ მიერ. სასიკვდილო კომბინაციამ გამოიწვია ტვინის დისფუნქცია, მათ შორის თეთრი ნივთიერების შემცირება პრეფრონტალურ ქერქში, რომელიც აკონტროლებს თავის ტვინში აღმასრულებელ ფუნქციას, ზრდის ავადობას და სიკვდილიანობის რისკს. ამიტომ აუცილებელია ამ მედიკამენტებისგან დაუყონებლივ დეტოქსიკაცია“, – განაცხადა ექიმმა დევიდ სმითმა.
„გლობალ ფოინთ ინთერნეიშენალი“ წერს, რომ სამედიცინო შეფასების შედეგების გამო, პრეზიდენტ სააკაშვილის იურიდიულმა გუნდმა, მათ შორის მასიმო დანჯელომ, ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის გადადებისა და საქართველოდან დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით, საქართველოს სასამართლოში საგანგებო განცხადება შეიტანა.
მასალის ბოლში აღნიშნულია: „მასალას „გლობალ ფოინთ ინთერნეიშენალი“ ავრცელებს გიული ალასანიასთვის, მიხეილ სააკაშვილის სახელით“.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ორი დღის წინ განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ, პიარ-საკონსულტაციო კომპანია „გლობალ პოინტთან“, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით. გიული ალასანიამ „გლობალ პოინტთან“ თანამშრომლობა დაადასტურა და განაცხადა, რომ პიარკომპანიით პარტნიორებს უნდა მიეწოდოს სწორი ინფორმაცია სააკაშვილთან დაკავშირებით.