გიული ალასანია - სტრასბურგისგან სხვა გადაწყვეტილებას ველოდებოდი, სააკაშვილი დარწმუნებული არასდროს ყოფილა, რომ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, უფრო მე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი
გიული ალასანია - სტრასბურგისგან სხვა გადაწყვეტილებას ველოდებოდი, სააკაშვილი დარწმუნებული არასდროს ყოფილა, რომ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, უფრო მე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებული არასდროს ყოფილა, რომ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, უფრო მე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

„მე ეს გადაწყვეტილება არ მომეწონა, სხვა გადაწყვეტილებას ველოდებოდი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით. პირველ რიგში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ვოლოდიმირ ზელენსკის, მაია სანდუსა და ევროპარლამენტარების განცხადებები მიუთითებდა, რომ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანილი უნდა იყოს. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ არაერთმა პარლამენტმა და არაერთმა პრეზიდენტმა მიიღო რეზოლუცია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იქნას გადაყვანილი სამკურნალოდ. ეს იყო უკრაინის, პოლონეთის, ლიეტუვის, ბრიტანეთის პარლამენტები და ევროპარლამენტი. ყველამ განიხილა და მიიღო რეზოლუცია მისი გადაყვანის შესახებ, მაგრამ ამ ეტაპზე არაფერს ანგარიში არ გაეწია. ეს სტრასბურგი არის ერთ-ერთი ეპიზოდი, ახლა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ის დარწმუნებული არასდროს ყოფილა, რომ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, უფრო მე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.