გიული ალასანია - სრულიად უდანაშაულო ადამიანია ციხეში, რაც არის წამება, არავითარი ნიშანი არ ჩანს, რომ სააკაშვილი განიკურნება
გიული ალასანია - სრულიად უდანაშაულო ადამიანია ციხეში, რაც არის წამება, არავითარი ნიშანი არ ჩანს, რომ სააკაშვილი განიკურნება

სრულიად უდანაშაულო ადამიანია ციხეში, რაც არის წამება. არავითარი ნიშანი არ ჩანს, რომ სააკაშვილი განიკურნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედიდან“ გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიული ალასანიას სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნაზე დაუსვეს კითხვა.

„დღეში ორჯერ დავდივარ, ყოველთვის ერთ მდგომარეობაშია. სწორია ყველაფერი, რაც დასკვნაში წერია. საქმე ისაა, რომ თითქმის წელიწადი და ცხრა თვეა, რაც „ვივამედში“ არის მოთავსებული. სრულიად უდანაშაულო ადამიანია ციხეში, რაც თავისთავად არის წამება. არავითარი ნიშანი არ ჩანს, რომ ეს ადამიანი განიკურნება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, როგორც ალასანიამ აღნიშნა, კონსილიუმის წევრები პროფესიონალი ექიმები არიან და მათ დასკვნას ენდობა.

„სააკაშვილთან დასკვნის შესახებ არ მისაუბრია, თუმცა დასკვნა არის ის, რასაც ყოველდღე ვხედავ. აბსოლუტურად ვენდობი, მაღალი დონის პროფესიონალები არიან ექიმები, რომლებიც დადიან. ეს ყველაფერი სანდოა, მაგრამ ჩემთვის არანაირი ნუგეში და იმედი არ არის. ვერ ვხედავ რაიმე პერსპექტივას, რომ ეს ადამიანი მორჩება აქ. პირიქით, ვხედავ, რომ ნელი სიკვდილი აქვს მისჯილი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

სახალხო დამცველის კონსილიუმმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში, თუმცა კვლავ რჩება კუნთთა ჰიპოტროფია, შფოთვა, დეპრესია.