გიული ალასანია - სააკაშვილთან პოლიტიკაზე არ მისაუბრია, მე თვითონ ვარიდებ ამ თემას თავს, რადგან დამატებით ნერვები არ ავუშალო, სიცხე და წნევა აქვს, გამოჯანმრთელებამდე შორს ვართ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის გაუმჯობესებული, რადგან მას აქვს ტემპერატურა და წნევა. ამის შესახებ ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკის შესახებ არ უსაუბრია.
„მე თვითონ ვარიდებ ამ თემას თავს, არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რათა დამატებით ნერვები არ ავუშალო. მისი ჯანმრთელობა უფრო მაინტერესებს ხოლმე. სიცხე გუშინ ჰქონდა 38 გრადუსამდე, წნევა 140/100-ზე. გამოჯანმრთელებამდე შორს ვართ. კვებას რაც შეეხება, ხორცს ვერ ჭამს, ცხიმიანს ვერ ჭამს. რაღაც ცოტ-ცოტას ახერხებს. მე ვერ ვხედავ ცვლილებას. სიცხე ისევ 38-მდე აქვს, წნევა 140/100-ზე, რანაირად არის მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესებული“, – განაცხადა გიული ალასანიამ.