გიული ალასანია - სააკაშვილს მიაჩნია, რომ გავრცელებული კადრები არის პოლიტიკური პორნოგრაფია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ გავრცელებული კადრები პოლიტიკური პორნოგრაფიაა.
გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
„როგორც შევამჩნიე, გავრცელებული კადრები ყველაზე აქტუალურია. თვითონ მას მიაჩნია, რომ პოლიტიკური პორნოგრაფიაა, რაც მან ნახა. სხვათა შორის, ერთ-ერთ კადრში მეც ვარ. ვიღაც თავის მომჭრელებმა თავი მომჭრეს კადრში, მაგრამ ეს ნამდვილად მე ვარ. მე რომ ვნახე, ისევ ისე ძალიან გამხდარი და უჭმელი იყო. უმადობა აქვს. ცოტა ხანი ვიყავი და არც კი მიკითხავს სიცხე და რაღაც, ალბათ ჩვეულებრივადაა, ორი დღე არ ვყოფილვარ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ შიმშილობის გამოცხადებას, გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი ამისთვის მადლობელია.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.
დღეს კი, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა დაიწყეს. დავით კირკიტაძის განმარტებით, ისინი „შიმშილობას აცხადებენ მიხეილ სააკაშვილის იმ ქვეყანაში გადაყვანამდე, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი“.