გიული ალასანია - სააკაშვილი პირველი იყო, ვინც ეჭვი მიიტანა მოწამვლაზე, მე სერიოზულად არ შემიხედავს, ჯერ მეთვრამეტეში იყო, შემდეგ - გლდანში, გორში, სად მოხდა, არ ვიცი
მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ თავისი შვილი მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ალასანიამ ჟურნალისტებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განუცხადა, კვლავ პრობლემად რჩება სააკაშვილის კვების საკითხი.
„ველოდებით 22 რიცხვს. წევს, დილით შედარებით დაბალი სიცხე აქვს, საღამოობით აიწევს ხოლმე. ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება. კვებას რაც შეეხება, ეს ისევ პრობლემად რჩება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესს, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილთან ამ საკითხზე არ უსაუბრია. გიული ალასანია მიიჩნევს, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს და გადაწყვეტილება მიიღონ.
„არაფერს ამბობს, კომენტარსაც არ აკეთებს. ახალი წელი მოვიდა უკვე. რას ველოდებით, მომავალ ახალ წელს? ჩართავენ თუ არ ჩართავენ, პროცესი უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად და დასრულდეს ან ასე, ან ისე. იანვრამდე პროცესები ვერ გადაიწევს, რადგან ჯანმრთელობა ვერ გადაიწევს. ეს უკვე ცნობილია, რამდენჯერ ვთქვით“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საკითხს, გიული ალასანიას თქმით, მის შესაძლო მოწამვლაზე პირველად თავად სააკაშვილმა მიიტანა ეჭვი.
„პირველი იყო, ვინც ეჭვი მიიტანა. თქვა, ნამდვილად მოწამვლაა – აბა, რატომ მაქვს ეს, რატომ მაქვს ის. მართალი გითხრათ, მე სერიოზულად არ შემიხედავს. ჯერ მეთვრამეტეში იყო, შემდეგ – გლდანში, გორში, სად მოხდა, არ ვიცი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ამასთან, გიული ალასანიას ჟურნალისტებმა კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა სააკაშვილთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, ყოფილი პრეზიდენტის საკითხია. მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები, დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს“.
გიული ალასანიას თქმით, მოაზროვნე ადამიანები ხშირად იცვლიან აზრებს, რის გამოც არ უკვირს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტი დამოკიდებულებას იცვლის.
„მოაზროვნე ადამიანებს სჩვევიათ, იცვლიან აზრს დამატებითი ინფორმაციების მიღების შემდეგ. სულ არ მიკვირს, რომ იცვლის დამოკიდებულებას. საერთოდ, იმედი მაქვს, რაღაც უნდა მოხდეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.