გიული ალასანია - პიარკომპანიით პარტნიორებს უნდა მიეწოდოს სწორი ინფორმაცია სააკაშვილთან დაკავშირებით, ისინი არ არიან ლობისტები, კონტრაქტი ამ დღეებში გაფორმდება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, პიარკომპანიის მუშაობის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორებისა და საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.
„სულ სხვა არის „გლობალ პოინტი“. ეს არის პიარკომპანია და არის იმისთვის, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მიეწოდოთ სწორი ინფორმაცია იმაზე, რაც მოხდება. ოღონდ, ჯერ არ ამუშავებულა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ, რომლითაც უპასუხა კითხვას, „იურიდიული კომპანიის კომპეტენციაში რატომ უნდა იყოს პიარკამპანია“.
რაც შეეხება კითხვას, „რატომ გახდა საჭირო ამ კომპანიის დაქირავება“, გიული ალასანიას განმარტებით, დაინტერესებულია, სტრატეგიულმა პარტნიორებმა იცოდნენ, რა ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
„ძალიან ბევრი სპეკულაცია, არასწორი ინფორმაცია მიეწოდებათ, მე კი მინდა, სწორი ინფორმაცია მიეწოდებოდეთ. თვითონ ექიმებისგან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ჩვენთან არ არის ისეთი მულტიპროფილური კლინიკა, სადაც მსგავსი პაციენტის მკურნალობის გამოცდილებაა. ამიტომ დაისვა საზღვარგარეთ გასვლის საკითხი, მაგრამ ჯერ შედგეს სასამართლო და თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ყველაფერი სასიკეთოდ დამთავრდა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
რაც შეეხება მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან, გიული ალასანიას თქმით, მათ ლობისტებად არ მიიჩნევს.
„მე არ მიმაჩნია, რომ ლობისტები არიან, ესენი არ არიან ლობისტები, ესენი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მოგვეხმარებიან ჩვენ, რომ გავრცელდეს ზუსტი ინფორმაცია ჩემს შვილთან დაკავშირებით, მეტი არაფერი. პიარკომპანიამ უნდა გაავრცელოს ეს ინფორმაცია, აბა, იურიდიული კომპანია ხომ არ გააკეთებს ამას“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
კითხვაზე, „აღნიშნული კომპანია პირობას გაძლევთ, რომ თქვენი პარტნიორები ამერიკასა და ევროპაში გაიგებენ საკააშვილის ჯანმრთელობის შესახებ?“, – გიული ალასანია პასუხობს: „ამ პირობით იდება კონტრაქტი, რომელიც ჯერ არ გაფორმებულა. ამ დღეებში გაფორმდება. ეს იქნება საჯარო ინფორმაცია და ამ დღეებში ყველაფერი გამოქვეყნდება“.
ამასთან, გიული ალასანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამვლაში ქართველებს არ ადანაშაულებს. „ქართველებს არ ადანაშაულებს ჩემი შვილი და არც ოჯახი. მას მიაჩნია, რომ აქ უცხოელების ხელი ურევია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ამავდროულად, გიული ალასანიამ კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ სააკაშვილი არ უარყოფს მოწამვლას, უბრალოდ, ამაში არ ადანაშაულებს ქართულ მხარეს.
„გულისხმობს მას, ვისაც ჩემი შვილი მიაჩნია მტრად. მგონი, ამას განმარტება აღარ სჭირდება, რადგან ბევრჯერ ითქვა“, – დასძინა გიული ალასანიამ.