გიული ალასანია - სააკაშვილს აქვს სურვილი, დღევანდელ პროცესზე გამოჩნდეს, ხალხმა დაინახოს, მინდა საზოგადოებისგან ჩემი შვილის მხარდაჭერა, ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფო ხომ მან ააშენა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, როგორც ყოველთვის, ბოლო ხანებში“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
გიული ალასანიას თქმით, არ აქვს ინფორმაცია, დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს.
„მგონი, ლეპტოპით არის შესაძლებელი. მგონი, გაშვებაზე ლაპარაკიც არ არის. არ ვიცი, რამდენად აქვს დღევანდელი სასამართლოს იმედი, მაგრამ ხალხმა რომ დაინახოს, გამოჩნდეს, ამის სურვილი აქვს. სასამართლოსთან ჩავიარე, გავსებულია პოლიციით იქაურობა. არ ვიცი, ჩვეულებრივი ადამიანების ადგილი თუ დარჩა იქ. ვარაუდობენ, რომ ბევრი ხალხი მოვა. როგორც ჩანს, ამ ხალხის წინააღმდეგ არის ეს. გუშინ საზოგადოებას მივმართე, მინდა თანადგომა და ჩემი შვილის მხარდაჭერა. ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფო ხომ მან ააშენა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
დღეს საქალაქო სასამართლოში იწყება სასამართლო პროცესი, რომელზეც განიხილება ადვოკატების შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე.