გიული ალასანია მიიჩნევს, რომ მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადების თაობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას შეფასებით, მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადების თაობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
ალასანიას თქმით, უსაფუძვლო განცხადებების დრო უნდა დამთავრდეს.
გიული ალასანიას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს სააკაშვილის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის მიერ გუშინდელ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადების შესახებ, რა დროსაც გელბახიანმა სასამართლოს მიმართა, „ხალხის ძალის“ განცხადებასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს.
„ვფიქრობ, უსაფუძვლო განცხადებების დრო უნდა დამთავრდეს. ყველამ ყველას შეიძლება რაღაც დააბრალოს, რაღაც შეთხზას. სად არის ამის საბუთი, ამის მტკიცებულება? რატომ შეგვყავს საზოგადოება შეცდომაში? მაშინ დაგვიდონ და გვითხრან. წესით, უნდა დაიწყონ გამოძიება, მაგრამ შექმნილ ვითარებაში, რა გითხრათ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
მოძრაობა „ხალხის ძალამ“ 16 იანვარს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „სააკაშვილის პატრონებმა მოუხშირეს საუბარს, რომ ციხეში მისმა შესაძლო სიკვდილმა შეიძლება ქვეყნის მომავალი განსაზღვროს“. განცხადების თანახმად, სააკაშვილი თავის „პატრონებს“ კონკრეტული თემებით აშანტაჟებს. ამასთან, განცხადების ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, რათა სააკაშვილის „პატრონებს“ არცერთი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცეთ.