გიული ალასანია - მადლობა ნინო ლომჯარიას, რომელმაც „ვივამედში“ კონსილიუმის წევრები მიიყვანა, კმაყოფილი დარჩა ჩემი შვილი, ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ომბუდსმენთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის წევრების „ვივამედში“ მისვლით მიხეილ სააკაშვილი კმაყოფილი დარჩა.
მისივე თქმით, რაც შესაძლებელი იყო, კონსილიუმის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს და შესაბამისი დასკვნებიც აქვთ.
„მინდა, მადლობა ვუთხრა ნინო ლომჯარიას, რომელმაც გუშინ კონსილიუმის წევრები მოიყვანა. კმაყოფილი დარჩა ჩემი შვილი, მადლობელი იყო. მოვისმინე მათი საუბარი, მათი კომენტარები. მეც ძალიან კმაყოფილი დავრჩი. სწორი იყო, რასაც ისინი ამბობდნენ. ველოდებით სასამართლოს. რაც სჭირდებოდა, რაც შესაძლებელი იყო, აქ გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა და თავისი დასკვნები აქვთ“, – განაცხადა გიული ალასანიამ „ვივამედში“ ყოფნისას.
კითხვაზე, კლინიკა „ვივამედშიც“ დაუსვეს თუ არა სააკაშვილს კახექსიის დიაგნოზი, გიული ალასანიამ განაცახდა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
მისივე თქმით, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს.
„არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია. ალბათ „ფორმა ასი“ შეივსება და ჩაიწერება. ახლა არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობს ოჯახი. სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, იმის მიხედვით გადაწყდება, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს თუ მოკვდეს. იმედი მაქვს, ეს უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად. რას ელოდებიან, მგონი, წელიწადი და სამი თვეა, რით ვერ შეისწავლეს საკითხი. ვფიქრობ, ეს მალე უნდა მოხდეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ და ომბუდსმენთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულეს. ნინო ლომჯარიას განმარტებით, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა ექიმებმა შეაფასეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მომზადდება შესაბამისი დასკვნა, რათა სახალხო დამცველმა სასამართლოში პოზიციის წარდგენა შეძლოს. სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა, თენგიზ წულაძემ, რომელმაც განაცხადა: „ტომოგრამაზე თითქოს ტვინის სტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება არ არის, შეიძლება, ტომოგრამაზე არ გამოჩნდეს, რადგან შესაძლოა, ტვინის მეტაბოლური ენცეფალოპათია უშუალოდ არ გამოიხატოს, თუმცა იქ პატარა კერები არის. რა თქმა უნდა, კახექსია და წონაში მნიშვნელოვანი კლება სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია“.