გიული ალასანია - კმაყოფილი ვარ ექიმებით, სააკაშვილს ყველაფერი სწორად უკეთდება, მაგრამ აქვს მძიმე მდგომარეობა, ვფიქრობ, გარემოს შეცვლა, გაყვანა დადებითად იმოქმედებდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, კლინიკა „ვივამედის“ ექიმებით კმაყოფილია.
ალასანიას განმარტებით, სააკაშვილს კლინიკაში ყველაფერი სწორად უკეთდება, თუმცა ამ დრომდე ვერ იღებს საჭმელს და ამ მხრივ მდგომარეობა არ იცვლება.
გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილზე გარემოს შეცვლა იმოქმედებს დადებითად.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ექიმებით. ყველაფერი, რაც უკეთდება, ძალიან სწორად უკეთდება. უბრალოდ, ადამიანს აქვს მძიმე მდგომარეობა, ძალიან ბევრი დიაგნოზია და ბევრი გამოკვლევაა საჭირო. რაც დავინახე ეს არის. ეს არ ცვლის იმ ძირითად მიზეზს, იმას, რომ ადამიანი ვერ ჭამს, ვერ იღებს საკვებს. საკმარისია, ერთი ლუკმა ჩაიდოს, იმ წუთში ამოსდის უკან. ასეთი მდგომარეობა გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიურია. შეიძლება, არც არის და მეშლება. მე მგონია, გარემოს შეცვლა, გაყვანა დადებითად იმოქმედებდა“, – განუცხადა გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შესვლამდე ჟურნალისტებს.