გიული ალასანია - იმედით ვუყურებ 26 ოქტომბრის არჩევნებს, დარწმუნებული ვარ, ის შეცვლის არსებულ მდგომარეობას და გავაგრძელებთ შენებას
ბათუმი განათლების ცენტრად იყო ჩაფიქრებული და სამწუხაროა, რასაც ვხედავთ, მაგრამ იმედით ვუყურებ 26 ოქტომბრის არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ალასანიას თქმით, არჩევნები შეცვლის არსებულ მდგომარეობას.
„რამდენადაც მახსოვს, ბათუმი ჩაფიქრებული იყო, როგორც განათლების ცენტრი. მას შემდეგ წლები გავიდა და დღეს ვხედავთ აქ კაზინოს. მაგონდება, რომ წლების წინ ერთი ამერიკელი ქალბატონი იჯდა და უყურებდა ამ შენობას, ჩემმა მეგობარმა ჰკითხა: „რაო, მოგწონთ?“ მან უპასუხა: „მსგავსი სილამაზის შენობა არ მინახავს“. სამწუხაროა, რომ ახლა ასეთ ცვლილებას ვუყურებთ, მაგრამ დიდი იმედით ვუყურებ მომავალს, იმედით ვუყურებ 26 ოქტომბრის არჩევნებს. დარწმუნებული ვარ, ის შეცვლის არსებულ მდგომარეობას, ისევ დავდგებით ფეხზე და გავაგრძელებთ შენებას“, – განაცხადა ბრიფინგზე გიული ალასანიამ.