გიული ალასანია - გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედში“ გონება დაკარგა.
„ეს იყო მეორე, ძალიან მძიმე შემთხვევა გლდანის ციხის შემდეგ. ამ ორი ეპიზოდის შუალედში იყო პატარ-პატარა ეპიზოდი, მაგრამ იქ არ იყო ასეთ მძიმე მდგომარეობა. დღეს ძალიან გაუჭირდათ ადამიანის მოსულიერება. ჩაერთნენ ბადრაგები, იატაკზე იყო დაგდებული. ჩაუტარდა სათანადო ღონისძიებები და როგორც იქნა, მოასულიერეს. მესამე შემთხვევა შეიძლება, ნებისმიერი დროს განმეორდეს და დასრულდეს ფატალურად. ეს ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი თუ აღარ იქნება, აღარ იქნება სახელმწიფო, წელში გადატყდება დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ამ სიტყვების ნაკლებად ესმით ადამიანებს, ნაკლებად ესმის ისტებლიშმენტს, რომელიც კლავს ჩემს შვილს.
ეს არის საერთაშორისო მკვლელობა ყველას თვალწინ. მთელი მსოფლიო დგას ფეხზე. გუშინ მსოფლიო მასშტაბით ჩატარდა აქცია, ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, არა მარტო ქართველებმა, იყვნენ პოლიტიკური მოღვაწეებიც, რომლებიც მოითხოვდნენ ჩემი შვილის გადაყვანას და შველას. იქნებ კიდევ გვაქვს შანსი, გადავარჩინოთ ადამიანი. არავითარი რეაქცია ჩვენი ქვეყნიდან არ არის, ვისკენ გავიშვირო ხელი, დამნაშავე ვინ არის, ისტებლიშმენტი მთლიანად.
არ ვარ მარტო, მყავს ახლობლები, მხარდამჭერები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის ადამიანები, რომლებიც წელიწადი და სამი თვეა, კოლექტიურად კლავენ ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ“, – განაცხადა ალასანიამ.
ამასთან, გიული ალასანიას კითხვა დაუსვეს, გონების დაკარგვის ეპიზოდის შემდეგ მას ან უფლებადამცველებს კომუნიკაცია თუ ჰქონდათ „ვივამედის“ ექიმებთან, რაზეც გიული ალასანიამ აღნიშნა: „მთელი დღის განმავლობაში ჩემთვის ეს არ იყო ცნობილი, თუმცა გაირკვა, რომ როცა მე გამოვედი, სწორედ მაშინ მოხდა, მაგრამ რატომღაც მე დამზოგეს და არ მითხრეს. ისევ ჩემი შვილისგან გავიგე, რომ ეს ფაქტი მოხდა“.
გიული ალასანიამ ასევე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ გაგზავნილ წერილზე.
„პატრიარქის მოლოცვა მივიღეთ, სადაც მხნეობას და გამძლეობას უსურვებს. როდემდე გამძლეობას? ეს ადამიანი უსასრულო ხომ არ არის. როდემდე გაძლებს, რა გამძლეობაზეა ლაპარაკი? ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო, შეიგრძნოს ახალი რეალობაო. რომელია ეს ახალი რეალობა, რომ ჩვენ აღარ ვართ სახელმწიფო და საბოლოოდ გავხდით რუსეთის პროვინცია? ეს არის დღეს ჩვენი რეალობა“, – აღნიშნა ალასანიამ.
მისივე თქმით, „თუ სააკაშვილის შემთხვევა ფატალურად დასრულდება, აღარ გვექნება სახელმწიფოებრიობა, წაიშლება საქართველო, როგორც იყო წაშლილი მრავალი წელი“.
„2004 წლის შემდეგ გახდა ცნობილი საქართველო ყველასთვის. ამერიკაში ვისთვისაც არ უნდა გეკითხათ საქართველოზე, გაიღიმებდნენ და გეტყოდნენ, სააკაშვილი. ყველამ იცოდა, რა არის საქართველო. ყველაფერი, რაც საამაყო გვქონდა, ამ ადმიანის საქმეს უკავშირდება. ეს ყველაფერი არავისთვის არაფერს არ ნიშნავს? რა ხდება, ყველა ასე როგორ დაყრუვდა და დაბრმავდა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.