გიული ალასანია - ფაქტია და ყველა ამბობს, რომ საჭიროა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, ჩვენი აკვიატება კი არ არის უცხოეთში მკურნალობა
მდგომარეობა ჯერჯერობით უარესობისკენაა, ისევ ისეთი მდგომარეობაა, დაბალი სიცხით იწყება დილა, დაბალი წნევა და სისუსტე აქვს, თავს ძალას ატანს, მეც ვაძალებ და შეიძლება, ერთი-ორი ლუკმა შეჭამოს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სისწრაფე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
ალასანიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა სწრაფად მოხდეს.
„ტოქსიკოლოგის დასკვნაში წერია, რომ თუ კიდევ რამე ეშველება, სრულიად მისი განკურნება ვერ წარმოუდგენიათ, მაგრამ თუ დარჩა რაიმეს რესურსი, იქნებ აღადგინონ, ამაზეა საუბარი. ეს შანსიც თუ აღარ შეგვრჩა, მაშინ არ ვიცი. ფაქტია და ყველა ამბობს, რომ საჭიროა მისი გადაყვანა. ასეთი გამოცდილება არ არის საქართველოში. ამის გამო ვითხოვთ გადაყვანას, თორემ ჩვენი აკვიატება კი არ არის უცხოეთში მკურნალობა. სასამართლო რას იზამს, არ ვიცი. იმედი მაქვს, პროცესი გაიმართება და ამას ველოდები“, – განაცხადა ალასანიამ.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნებს, გიული ალასანიას თქმით, ამ საკითხზე მიხეილ სააკაშვილთან არ უსაუბრია.
„ვადევნოთ თვალი. იქ რა ხდება, არ ვიცი. მიხეილ სააკაშვილი არ ერევა ამ საკითხში. არაერთხელ ითქვა და ასეა“, – აღნიშნა ალასანიამ.