გიული ალასანია - ექიმები მიშას თითქოს ყველაფერს უკეთებენ, ძალიან ცდილობენ, ყველაფრით კმაყოფილია, მაგრამ ფაქტია, ვერ ჭამს და როდემდე გაძლებს უჭმელი
ექიმები მიშას თითქოს ყველაფერს უკეთებენ, ძალიან ცდილობენ, ყველაფრით კმაყოფილია, მაგრამ ფაქტია, ვერ ჭამს და როდემდე გაძლებს უჭმელი, – განაცხადა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, რომელმაც დღეს შვილი „ვივამედში“ მოინახულა.
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ უცხოეთის კლინიკაში.
„დაახლოებით ოთხი საათი გავატარე, შთაბეჭდილება ძალიან მძიმე მაქვს. თვითონ კლინიკა არაჩვეულებრივია, ექიმები ვნახე, ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი პერსონალია; ყველაფერი ძალიან მომეწონა, ყველაფერი სწორად უკეთდება; მე კი ასე ვფიქრობ, რამდენად ვარ მე შემფასებელი, არ ვიცი, მაგრამ ბევრი დიაგნოზი არის და ნელნელა იმიტომ კეთდება, ამას დრო სჭირდება. ეს მოითხოვს დროს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ვერ ჭამს, ადამიანი ვერ ჭამს. რაც შეუძლიათ, რაღაცები უკეთდება. საშინელი სისუსტე აქვს. ფერი საერთოდ არ აქვს ადამიანს და ვერ ვცნობ ჩემს შვილს; ეს უბრალოდ, სხვა ადამიანია, გამოფიტული, პირიქით გაუარესებული მდგომარეობაა. ნევროპათოლოგის აზრით, გაუარესებულია მდგომარეობა იმასთან შედარებით, რაც ადრე ნახა. ნელნელა ყველაფერი კეთდება. ექიმებმა იციან, მე უფრო მქონდა ურთიერთობა ჩემს შვილთან და ამან დამაყენა ძალიან ცუდ გუნებაზე. გამოსავალს ისევ ვხედავ გაყვანაში. მე პირველი დღიდან მაგას ვამბობ, პოლონეთი ითხოვს უბრალოდ, სხვა ქვეყნებიდანაც არის შემოთავაზება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ამასთან, შეკითხვაზე, რა შეიძლება, განსხვავებული შესთავაზონ პაციენტს უცხოეთის კლინიკაში, ალასანიამ აღნიშნა: „არ ვიცი, რადგანაც არ ვარ ექიმი. მაგრამ ვხედავ, რომ ჩემი შვილი არის უარესად, ვიდრე იყო ადრე და ყოველ ჯერზე არის უარესად. ეს ექიმები თითქოს ყველაფერს უკეთებენ, ძალიან ცდილობენ, მაგრამ ვცადოთ. ყველაფრით ძალიან კმაყოფილია, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ ჭამს და როდემდე გაძლებს უჭმელი; ვერ ჭამს და მორჩა. მე მაგალითად, ეს ყველაფერი ძალიან მაწუხებს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ამასთან, დღეს კლინიკა „ვივამედში“ ასევე იმყოფებოდნენ ექიმები ნიკოლოზ ყიფშიძე და ოთარ თოიძე. მათი განცხადებით, ისინი სააკაშვილის მკურნალ ექიმებს შეხვდნენ.