გიული ალასანია - ჩემი დაკვირვებით, სააკაშვილი წონაში უფრო დაკლებულია, საჭირო რაოდენობის კალორიებს ვერ იღებს, რადგან მოწამლულია, უამრავი საკვები მივიტანე, მაგრამ არაფერი უჭამია
ჩემი დაკვირვებით, წონაში კიდევ უფრო დაკლებულია, უამრავი საკვები მივიტანე, მაგრამ არაფერი უჭამია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედის“ კლინიკასთან, სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, ექიმები არ მინახავს, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, კიდევ უფრო დაკლებულია. ბოლოს 62 კილოგრამს იწონიდა. საჭირო რაოდენობის კალორიებს არ იღებს. ვერ იღებს, რადგან მოწამლულია. უამრავი საკვები მივიტანე, მაგრამ არაფერი უჭამია. „ვივამედის“ ექიმები ამბობენ, რომ მიშა მათ არ ემორჩილება, რადგან რაღაც გამართლება სჭირდებათ. აქედან იწყება უბედურება. განათლების პრობლემა არ არის, ეს არის ბრძანება, რომელსაც ემორჩილებიან.
სტრასბურგის სასამართლოში შესატანი სარჩელი დიდი ხანია, მზად არის, მაგრამ კონკრეტული მოლოდინი არ მაქვს. მე რომ მკითხოთ, მტკიცებულებები იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა. რაც შეეხება წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებს, სააკაშვილი ჯერ არ უნახავთ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.