გიული ალასანია - 2003 წელს მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და გაანათა ქვეყანა, მჯერა, ისინი ისევ შემოიტანენ სინათლეს
გიული ალასანია - 2003 წელს მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და გაანათა ქვეყანა, მჯერა, ისინი ისევ შემოიტანენ სინათლეს

ძალიან ემოციური დღეა დღეს ჩემთვის. როდესაც დავინახე აქ ჩაბნელებული ზუგდიდი, გამახსენდა 90-იანი წლები, როცა ხალხი გამოდიოდა და საბურავებს წვავდა ქუჩაში სადილის მოსამზადებლად, ორ დღეში ერთხელ რომ გვაძლევდნენ ერთი საათით დენს და შემდეგ, 2003 წელს მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და გაანათა ქვეყანა. მჯერა, რომ ისინი ისევ შემოიტანენ სინათლეს და გაანათებენ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, 26 ოქტომბერს ისტორიული არჩევნებია.

„„ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი გამოცდილება აქვს ქვეყნის განათების და დარწმუნებული ვარ, რომ ისევ მოვლენ ახალი პროგრამით, იმ გამოცდილებით, რომელიც უკვე მათ აქვთ და შემოიტანენ ისევ სინათლეს, გაანათებენ ქვეყანას, მე ამის მჯერა. ფინიშის ხაზზე ვართ, ძალიან ცოტა დაგვრჩა 26 ოქტომბრამდე. ეს ისტორიული არჩევნებია, ჩვენი ყოფნა-არყოფნის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი უნდა გადაიჭრას და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს. საქართველომ მრავალი საუკუნის წინ გააკეთა ეს არჩევანი, უკვე პირველი საუკუნიდან, როდესაც მოხდა ქრისტიანობის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში, მათ გააკეთეს უკვე არჩევანი დასავლეთზე და ცოტა ხნის შემდეგ დამკვიდრდა ქვეყანაში მიწაზე კერძო საკუთრება. ქრისტიანობა და მიწაზე კერძო საკუთრება იყო ის ღერძი, რომელზედაც იდგა ჩვენი სახელმწიფო საუკუნეების მანძილზე. რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხს ჰქონდა სხვადასხვა კულტურასთან, სხვადასხვა ცივილიზაციასთან შეხება, მაგრამ ეს იყო ის ღერძი, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა და დღესაც იქ ვდგავართ.

26 ოქტომბერს, დარწმუნებული ვარ, რომ გაკეთდება ის ერთადერთი არჩევანი. თქვენ გახსოვთ, რომ ჩემი შვილი თავიდანვე მოუწოდებდა საზოგადოებას გაერთიანებისკენ. ეს გაერთიანება, მისი აზრით, იყო გადარჩენის ყველაზე უტყუარი პირობა. ვერ შედგა, სამწუხაროდ, ეს გაერთიანება, როგორც წარმოედგინა ჩემს შვილს, მაგრამ არის გაუგებრობა, ეს ადრეც ხდებოდა ხოლმე. როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი აღიარებული სახელი იყო და ბევრს უნდოდა მასთან ყოფნა და რაღაცის გამო ვერ იყვნენ მასთან, მაგრამ საზოგადოებაში ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ არიან მიხეილ სააკაშვილთან ერთად და სინამდვილეში ხმას აძლევდნენ სხვა პარტიას. დღესაც არის ასეთი შემთხვევები. მე დავდივარ, ვხვდები ხალხს და ვხედავ, რომ ისევ არის ეს გარკვეული გაუგებრობა და მინდა, ყველას გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდი და მისი თანამებრძოლები არის 5 ნომერი, მხოლოდ 5. მე ყველას ვუსურვებ გამარჯვებას, ვინც იბრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის, ყველას ვუსურვებ წარმატებას და წინ გამარჯვებისკენ!“ – განაცხადა გიული ალასანიამ.