გიტანას ნაუსედა - წარმატება თუ იქნება მიღწეული აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო იმსახურებენ პოზიტიურ შედეგს, პოზიტიურ გადაწყვეტილებებს
ვიმედოვნებ, რომ აღმოსავლეთ ფლანგის ყველა ქვეყანა იმსახურებს სამართლიან მიდგომას და თუ წარმატება იქნება მიღწეული აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო – ყველა მათგანი იმსახურებს პოზიტიურ შედეგს, პოზიტიურ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის ლიდერების სამიტზე განაცხადა.
ნაუსედას თქმით, ლიეტუვამ სამართლებრივი სისტემების შესაბამისობაში მოყვანის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ შეძლო, გამხდარიყო ევროკავშირის წევრი.
„მახსოვს ჩვენი გზა ევროკავშირის წევრობისკენ. თავდაპირველად ალბათ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიტუაცია იყო, თუმცა ჩვენი სამართლებრივი სისტემების შესაბამისობაში მოყვანის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ჩვენ შევძელით, გავმხდარიყავით ევროკავშირის წევრები სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად“, – განაცხადა ნაუსედამ.
ცნობისთვის, ლიეტუვა ევროკავშირის წევრი 2004 წელს გახდა ლატვიასთან, ესტონეთთან, პოლონეთთან, სლოვაკეთთან, სლოვენიასთან, უნგრეთთან, ჩეხეთთან, მალტასა და კვიპროსთან ერთად.