გიტანას ნაუსედა - ნატო-ს სამიტზე ერთ-ერთი დასკვნითი განცხადება იყო აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო თავდაცვა, პოლონეთში ინციდენტი გვაიძულებს, ვიფიქროთ, როგორ განვახორციელოთ ეს სწრაფად
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ ნაუსედამ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლიეტუვის ლიდერის თქმით, ალიანსის აღმოსავლეთით საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას მადრიდის სამიტის დასკვნითი განცხადებაც ითვალისწინებს, ახლა კი საჭიროა ამ გადაწყვეტილების რაც შეიძლება მალე განხორციელება.
„შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ნატო-ს სამიტზე ერთ-ერთი დასკვნითი განცხადება იყო ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო თავდაცვა. ვფიქრობ, რომ მომხდარი ინციდენტი გვაიძულებს, ვიფიქროთ, როგორ განვახორციელოთ ის სწრაფად. დეკლარაციები არ იცავს, მათი განხორციელება იცავს. ვიმედოვნებ, ვილნიუსში მომავალ წელს დაგეგმილ ნატო-ს სამიტისთვის ჩვენ შევძლებთ ამ მხრივ პროგრესის მიღწევას, რადგან არსებული სიტუაცია და მოვლენები აჩვენებს, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ის რაც შეიძლება მალე უნდა შესრულდეს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთი გააგრძელებს თავის ქმედებებს, პოლონეთში მომხდარი მსგავსი ინციდენტები შეიძლება განმეორდეს.
„არ მინდა, შეგაშინოთ. ეს არის რუსეთის მიერ პროვოცირებული საფრთხე, რომელზეც უნდა გვქონდეს რეაგირება ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ნაუსედამ.