გიტანას ნაუსედა ნატო-ს ლიდერებს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისთვის მეტი გამბედაობისკენ მოუწოდებს
ლიეტუვის პრეზიდენტი ნატო-ს ლიდერებს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისთვის მეტი გამბედაობისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ გიტანას ნაუსედამ „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ნაუსედამ მოუწოდა ნატო-ს ლიდერებს, უფრო გაბედულად განეხილათ უკრაინის გაწევრიანების მოთხოვნა ლიეტუვაში მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე და თქვა, რომ ეს გაზრდის კიევის ბრძოლის ველზე მუშაობას.
„როიტერთან“ ინტერვიუში ლიეტუვის პრეზიდენტმა ნატო-ს მოკავშირეებს ურჩია, არ შეეშინდეთ იმის, რომ უკრაინის სამხედრო ალიანსში შეყვანა რუსეთის პროვოცირებას მოახდენს.
„ჩვენ არ უნდა დავაყოვნოთ უფრო თამამი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინის რეჟიმი გადაწყვეტს, რომ დასავლელი მოკავშირეები ძალიან სუსტები არიან. ჩვენი უფრო ძლიერი ფორმულირება უკრაინის პერსპექტივაზე აუცილებლად გაზრდის უკრაინელი ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთებას ბრძოლის ველზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ნაუსედამ.
ნაუსედამ განუცხადა „როიტერს“, რომ ნატო-ს სამიტზე, შესაძლოა, უკრაინას შესთავაზონ ომის დასრულების შემდეგ ალიანსში გაწევრიანების უფრო მარტივი გზა და მეტი სამხედრო მხარდაჭერის დაპირება.
„ჩვენ გვყავს რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ფრთხილობენ უკრაინის პერსპექტივის შესახებ უფრო მძაფრი ფორმულირების მიმართ. მაგრამ მე უკვე ვხედავ გარკვეულ ცვლილებას მათი ლიდერების გონებაში. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ახლა, ომის მიმდინარეობისას, უკრაინა ვერ ახერხებს დაუყოვნებლივ გაწევრიანდეს ნატო-ში. ჩვენ გვესმის ეს. უკრაინელებს ეს ესმით. მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ პროცედურები, როგორ მოვიქცეთ. დასაკარგი დრო არ გვაქვს“, – განაცხადა ნაუსედამ.
ნაუსედას იმედი აქვს, რომ უკრაინის პრეზიდენტი გამოცხადდება ვილნიუსში, მიუხედავად ზელენსკის გაფრთხილებისა, რომ წასვლის „აზრს ვერ ხედავს“, თუ კიევს არ მიეცემა „სიგნალი“ ალიანსში გაწევრიანების შესახებ.
„იმედი მაქვს, ის აქ იქნება და ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ვილნიუსში გადაწყვეტილების მიღებაში“, – აღნიშნა ნაუსედამ.