გიტანას ნაუსედა მოუწოდებს უკრაინის დასავლელ პარტნიორებს, კიევს თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები და შორ რადიუსზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები მიაწოდონ
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მოუწოდებს უკრაინის დასავლელ პარტნიორებს, კიევს თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები და შორ რადიუსზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები მიაწოდონ. ამის შესახებ ნაუსედამ ესპანურ გამოცემა „ელ პაისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ უნდა გავგზავნოთ თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები და შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები უკრაინაში. ეს რაც შეიძლება მალე უნდა გავაკეთოთ, რადგან ყოველი დღე, რომელიც დავკარგეთ და უკრაინას არ მივეცით ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება, ნიშნავს მეტ სიკვილს და მეტი ინფრასტრუქტურის განადგურებას“, – აღნიშნა ნაუსედამ.
ნაუსედას თქმით, დასავლეთის ქვეყნები აკმაყოფილებენ უკრაინელების მოლოდინებს, მაგრამ ამავე დროს ძალიან ნელა მოქმედებენ, როცა საქმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ეხება.
ლიეტუვის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე ვერ წარიმართება.
„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა ეს შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად და ახალი შეტევის მოსამზადებლად გამოიყენოს. ახლა არის ძალიან ბევრი საკითხი, რაზეც დაპირისპირებული მხარეები ვერ თანხმდებიან, ამიტომ ერთადერთი გზა, რომ ვაიძულოთ რუსეთი გულწრფელი მოლაპარაკებების დაწყება, არის უკრაინის წარმატება ბრძოლის ველზე“, – განაცხადა ნაუსედამ.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედ ფრთოსან რაკეტებს გადასცემს.