გიტანას ნაუსედა - მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნების კონსოლიდირება უკრაინასთან, მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად
გიტანას ნაუსედა - მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნების კონსოლიდირება უკრაინასთან, მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად

ევროკავშირის გაფართოება არის გზა უფრო უსაფრთხო, სტაბილური და განვითარებული ევროპისკენ, ჩვენ არ გვაქვს უფლება და ფუფუნება, ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვათ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ტალინში, ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრაზე განაცხადა.

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„სამ დღეში ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური ნების კონსოლიდირება უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. ეს არის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროპის მომავალს განსაზღვრავს. ჩვენ არ გვაქვს არც უფლება და არც ფუფუნება, ხელიდან გავუშვათ ეს შესაძლებლობა. ევროკავშირის გაფართოება არის გზა უფრო უსაფრთხო, უფრო სტაბილური და უფრო განვითარებული ევროპისკენ“, – განაცხადა ნაუსედამ.

თავის მხრივ, ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც ევროკავშირი მიმდინარე კვირაში დაგეგმილ სამიტზე მიიღებს, იქნება სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის.

„ერთად ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წინ გადავდგამთ ნაბიჯს ამ ქვეყნების ევროპული მომავლის შესრულებაში. გადაწყვეტილებები, რომლებსაც მივიღებთ, იქნება გლობალური სიგნალი. ახლა ჩვენი დროა, ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი არის მტკიცე, ძლიერი და ემზადება კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ეს არის ჩვენი შანსი, გავაკეთოთ სტრატეგიული ინვესტიცია ევროპულ მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი სიბრძნით და გავაგრძელოთ ევროკავშირის ყველაზე წარმატებული პოლიტიკა – გაფართოება“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.