გიტანას ნაუსედა - მჯერა, არის შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას
გიტანას ნაუსედა - მჯერა, არის შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას

ველოდები, რომ ევროკომისიის დასკვნები იქნება წარმოდგენილი ივნისის დასაწყისში და შემდეგ უკვე იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. მჯერა, არის შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ სამივე ქვეყანას – უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას, – ამის შესახებ ლიეტივის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მწვანე შუქი უნდა აენთოს.

„როგორც იცით, ეს პოლიტიკური პროცესია და ცხადია, პრიორიტეტი არის უკრაინა, სადაც ახლა ომია და ის იცავს ევროპული ღირებულებებს. ხანდახან ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, როგორც ბიუროკრატიულ მოთხოვნებზე და პროცედურებზე. ჩემთვის ყველა მნიშვნელოვანი ისაა, რომ უკრაინა იცავს ევროპულ ღირებულებებს. ისინი გვიცავენ ჩვენ და არა მხოლოდ საკუთარ თავს. ამიტომ, ჩვენ ყველაზე მცირე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია უკრაინისთვის, არის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭება. ჩვენ უნდა ავუნთოთ მათ მწვანე შუქი, რაც ნიშნავს, რომ ისინი იქნებიან ძალიან ხანგრძლივი პროცესის დასაწყისში, რომელსაც ისინი დაასრულებენ ევროკავშირის წევრობით“, – განაცხადა ნაუსედამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოს ხომ ორი ომი ჰქონდა რუსეთთან, ნაუსედამ განაცხადა, რომ სწორედ ეს არის რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკა, შექმნას კონფლიქტი და შემდეგ გაყინოს ის.

„ეს არის რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკა, შექმნას კონფლიქტი, შემდეგ გაყინოს ის და შეაჩეროს ქვეყნის პროგრესი. სავარაუდოდ, ეს არის დაბრკოლება. ცხადია, მე შემიძლია დაგეთანხმოთ, რომ ეს დაბრკოლებაა, მაგრამ არ უნდა მივცეთ საშუალება რუსეთს, გამოიყენონ ეს გაყინული კონფლიქტები. უკრაინა არის საუკეთესო მაგალითი. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ უკრაინა ახლა ომში და რატომ უნდა ვისაუბროთ კანდიდატის სტატუსზე, მათ ხომ ჯერ გამარჯვებას უნდა მიაღწიონ, მაგრამ სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი სჭირდება ახლავე, რადგან ეს არის ბრძოლის ჟინის ფაქტორი. მათი ბრძოლის ჟინი დამოკიდებულია ჩვენს შესაძლებლობაზე და ერთგულებაზე, რომ ეფექტურად დავიცვათ ისინი“, – განაცხადა ნაუსედამ.