გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ პუტინის გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის შეცვლის შესახებ დაკავშირებულია რუსეთის სურვილთან, გააგრძელოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრის შეცვლის შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება დაკავშირებულია რუსეთის სურვილთან, გააგრძელოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ლიეტუვის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ შოიგუს ჩანაცვლება ანდრეი ბელოუსოვით შიდა რუსული აუდიტორიისთვის მოხდა.
„მე იმდენად არ მჯერა ამ რეჟიმის, რომ არ მჯერა მათი მოტივაციის, გადაწყვეტილებების, ეს ყველაფერი კეთდება შიდა ბაზრისთვის, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ომი გაგრძელდეს. მოდით, ნუ გვექნება ილუზია, რომ პუტინი მზად არის რაიმე სახის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“, – აღნიშნა ნაუსედამ.
ნაუსედამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად სხვა გზა არ არსებობს, გარდა უკრაინისთვის ეფექტიანი და სწრაფი დახმარების გაწევისა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, სერგეი შოიგუს ნაცვლად, ანდრეი ბელოუსოვი წარადგინა. სერგეი შოიგუ კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა.