გიტანას ნაუსედა - მაქვს გარკვეული შფოთვა, რომ დასავლური საზოგადოება შესაძლოა, დაიღალოს, ამის გარკვეული ნიშნები უკვე არის, ჩვენ მიჩვეულნი არ ვართ 10-პროცენტიან და უფრო მაღალ ინფლაციას
მაქვს გარკვეული შფოთვა, რომ დასავლური საზოგადოება შესაძლოა, დაიღალოს, ამის გარკვეული ნიშნები უკვე არის, პირველ რიგში, მაღალი ინფლაცია და ენერგორესურსები. ჩვენ მაინცადამაინც მიჩვეულნი არ ვართ 10-პროცენტიან და უფრო მაღალ ინფლაციას, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში 20 პროცენტსაც აღწევს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ჟურნალისტებს დავოსში განუცხადა.
ნაუსედას განცხადებით, პოლიტიკოსები აღნიშნულ საკითხებზე მეტ ყურადღებას გადაიტანენ.
„ამ თავსატეხის გადაწყვეტის გზა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთობა და უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებითაც რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას შევამცირებთ, ჩემი ქვეყანა ამის კარგი მაგალითია. ჩვენ რუსეთის რეჟიმთან დაკავშირებით ილუზიები არ გვქონია, ამიტომ მზადება 20-25 წლის წინ დავიწყეთ. ახლა ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ნაყოფს ვიმკით, ყოველგვარი კავშირი გავწყვიტეთ რუსულ ენერგორესურსებთან ერთი წლის წინ, ახლა ეს უნდა გაკეთდეს ევროკავშირის დონეზე. ეს პროცესი საკმაოდ წამატებით დაიწყო და უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან ზოგიერთი ქვეყანა კვლავ დამოკიდებულია რუსეთზე. მნიშვნელოვანია ამ დამოკიდებულების ჩახსნა“, – განაცხადა ნაუსედამ.
ამასთან, გიტანას ნაუსედა იმედს გამოთქვამს, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
„იმედი მაქვს, ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. იმედი მაქვს, ეს სამიტი მიეძღვნება არა მხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებას, არამედ უკრაინის უსაფრთხოებასაც და ვიპოვით რაიმე გზას, რომ უკრაინა მეტად იყოს ინტეგრირებული ნატო-ში. მე არ ვსაუბრობ სრულუფლებიან წევრობაზე, ვგულისხმობ, რომ ვიპოვით რაიმე გზას, რითიც იმედს მივცემთ. მუდმივად იმის გამეორება, რაც უკვე ვთქვით 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, რომ კარი ღიაა, უკვე აღარ არის საკმარისი. ეს მესიჯი ჩვენ ძალიან მკაფიოდ მივიღეთ, მათ შორის გასულ წელს ამ ფორუმზეც – გთხოვთ, ნუღარ გვეტყვით, რომ კარი ღიაა, რადგან ამ კარს ვერ ვპოულობთ“, – განაცხადა ნაუსედამ.