გიტანას ნაუსედა - ლიეტუვა არასდროს აღიარებს ყირიმის ოკუპაციას, თითოეული ლიეტუველისთვის ნათელია, რომ ყირიმი არის უკრაინის განუყოფელი ნაწილი
ლიეტუვა არასდროს აღიარებს ყირიმის ოკუპაციას. თითოეული ლიეტუველისთვის ნათელია, რომ ყირიმი არის უკრაინის განუყოფელი ნაწილი, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიტანას ნაუსედას თქმით, მისთვის დიდი პატივია ყირიმის პლატფორმის საინაუგურაციო სხდომაში მონაწილეობა.
„მე აქ ნამდვილად თავს ვგრძნობ, როგორც სახლში, უკრაინის უახლოეს მეგობრებს შორის. კარგია იმის ცოდნა, რომ ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ უდიდესი უსამართლობის წინააღმდეგ, რაც გამოწვეულია ყირიმის უკანონო ოკუპაციისა და ანექსიის შედეგად. უკვე შვიდ წელზე მეტი გავიდა, რაც უკრაინის სახელმწიფოს ნაწილი ოკუპირებული რჩება. დღეს ჩვენ რაც იმედს გვაძლევს, არის უკრაინის პრეზიდენტის გულწრფელი ძალისხმევა, შეინარჩუნოს ყირიმის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგის სათავეში.
ჩვენი პოზიცია ერთიანია, რომ უკრაინის სუვერენიტეტი უნდა აღდგეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი მოწოდებაა არაღიარებისა და სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება, გაძლიერება, ვიდრე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტის განმარტებით, მათ წინაშე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა რჩება.
„ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთი განაგრძობს ყირიმის ანექსიას, სისტემატურად არღვევს ადამიანურ უფლებებს და ზღუდავს უკრაინის მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს. თუმცა მე მჯერა, რომ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება უკრაინის შიდა განვითარებაზე.
ქვეყანა ამჟამად სწორ გზაზეა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ლიეტუვა მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტების, კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად და ლიბერალურ ეკონომიკაში სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად. ამ რეფორმების შედეგად უნდა შეიქმნას თავისუფალი, ძლიერი, განვითარებული უკრაინული სახელმწიფო. მე მჯერა, ახლოსაა ის დღე, როდესაც ის გახდება იმედის სიმბოლო ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლებისთვის. ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს ამ მიზნების მიღწევაში.
ჩვენ ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე პერიოდში. მთელი დემოკრატიული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს თავისუფლებებისა და ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავად, რაც დღეს საჭიროა ისე, როგორც არასდროს. ჩვენი მყისიერი მიზანი უნდა იყოს რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება. ეს დაგვეხმარება ევროპის მომავლის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებთან ყველაზე ეფექტიანად გამკლავებაში“, – აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.
კიევში ყირიმის პლატფორმის სამიტი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.