გიტანას ნაუსედა - გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი, ლიეტუვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია
ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გააღრმაოს ურთიერთთანამშრომლობა ნატო-სთან, მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და მუდმივ მცდელობებს, გააძლიეროს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ლიეტუვას სურს, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას და გახდეს ევროკავშირის წევრი.
„ლიეტუვა და ჩვენი ხალხი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განწყობასა და სიმტკიცეს. შეხვედრაზე შესაძლებლობა გვქონდა, დეტალურად განგვეხილა პერსპექტივები ლიეტუვასა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის სფეროებში, ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგზე და ევროატლანტიკურ ინტეგრაციისადმი მხარდაჭერაზე, ინსტიტუციურ და უწყებრივ ურთიერთთანამშრომლობაზე“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს გასულ წელს ევროპული პერსპექტივის მინიჭება მიულოცა.
„გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა არ არის მოკლე და მარტივი გზა. ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა. ეს არის გასაგები და ხელშესახები რეფორმები, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქვეყნის მოქალაქეებისთვის და კეთილდღეობისთვის. ჩვენ გვწამს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის და გვჯერა, ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსოლოდირებელი, რომ განახორციელოს რეფორმები.
შეხვედრაზე ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციაზე. აუცილებლობაზე, რომ გაიზარდოს საზოგადოების მედეგობა, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუციების შესაძლებლობები და გაძლიერდეს პროევროპული და პროატლანტიკური მისწრაფებები. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ზეწოლა მედიაზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებზე არ არის გზა, რომელიც აძლიერებს დემოკრატიას და საზოგადოების მედეგობას“, – აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.
ამასთან, როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განიხილეს ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, რომელსაც, მისივე თქმით, დიდი შედეგები აქვს როგორც ევროპის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისთვის.
„რუსეთი ისევ აგრძელებს დამღუპველ ომს, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს ასევე რეგიონში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინისადმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ლიეტუვა არის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდამჭერი უკრაინისადმი. ასევე მნიშვნელოვანია აგრესორისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება. ეკონომიკური სანქციები ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა.
პრეზიდენტო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გააღრმაოს ურთიერთთანამშრომლობა ნატო-სთან. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ თქვენ თავად აირჩიოთ ალიანსები. გარე ძალებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და მუდმივ მცდელობებს, გააძლიეროს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.