გიტანას ნაუსედა - ჩვენ ვგმობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაციის პროცესის განახლებას
დარწმუნებული იყავით, ლიეტუვას მუდმივ მხარდაჭერაში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ, ჩვენ ვგმობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაციის პროცესის განახლებას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
„გვსურს, დავეხმაროთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, გაააქტიურონ ეკონომიკური პროცესები, შეძლონ სამართლებრივი რეფორმების განხორციელება, რათა მიაღწიონ მეტ პროგრესს სასამართლო სისტემაში. ამრიგად, ვფიქრობ, საუკეთესო გზა საზოგადოება დაარწმუნო ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობაში არის ძალიან კონკრეტული შედეგის ჩვენება. თუ ხალხი დაინახავს, რომ ამ პროცესს მოაქვს გარკვეული სარგებელი, ისინი იქნებიან მოტივირებული, რომ ხელი შეუწყონ ამ პროცესის წინ წაწევას, სავარაუდოდ, ეს დაეხმარება რუსეთის მხრიდან რისკებისა და ქმედებების შეჩერებაში თუ მათგან თავის დაღწევაში. ეს ძალიან ვნებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, თუმცა ლიეტუვას აქვს დიდი პოტენციალი, რომ გაზარდოს ეკონომიკური კავშირი საქართველოსთან. მე ვსაუბრობ არა მხოლოდ საგარეო ვაჭრობაზე, აგრეთვე ინვესტიციებზე“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ლიეტუველი ინვესტორები დაინტერესებული არიან განახლებადი ენერგიის სექტორით, თუმცა აქვთ გარკვეული შიშებიც.
„ლიეტუველი ინვესტორები განსაკუთრებით დაინტერესებული არიან აღდგენადი ენერგიის სექტორით, თუმცა მათ აქვთ გარკვეული შიშები, გარკვეული შემაკავებელი ფაქტორები, რაც უკავშირდება ბიუროკრატიას, კორუფციას, თუმცა იმედია, ეს პრობლემები მომავალში გადაიჭრება“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი ლიეტუველ კოლეგას დღეს ვილნიუსში შეხვდა.